თბილისი, 13 მარტი — Sputnik. ჩინეთი საზღვაო სამართლის სფეროში სადავო საკითხების გადასაჭრელად საერთაშორისო სასამართლო ცენტრს შექმნის, განაცხადა კვირას ჩინეთის უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომარე ჩჟოუ ციანმა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ სააგენტო „სინხუაზე“ დაყრდნობით.
ეს გადაწყვეტილება ჩინეთის ხელისუფლებამ, სამხრეთ ჩინეთის ზღვაში მზარდი არასტაბილურობის ფონზე, სადავო ტერიტორიების შესახებ საკითხების გადაწყვეტის აუცილებლობიდან გამომდინარე მიიღო. სამხრეთ ჩინეთის ზღვის წყლებსა და კუნძულებზე დავა ერთდრულად რამდენიმე სახელმწიფო აქვს.
„ჩვენ ჩინეთის ეროვნული სუვერენიტეტი, ჩვენი უფლებები ზღვაზე და სხვა საკვანძო ინტერესები უკომპრომისოდ უნდა დავიცვათ“, — განაცხადა ჩჟოუ ციანმა.
ჩინეთის სასამართლო ინსტანციებმა 2015 წელს საზღვაო რეჟიმთან დაკავშირებული 16 ათასზე მეტი საქმე განიხილეს, აღნიშნა მან. ჩინეთი ასევე საზღვაო გემების რაოდენობით მსოფლიო ლიდერია.
სამხრეთ ჩინეთის ზღვაზე მსოფლიო საზღვაო ტვირთების ნაკადის თითქმის მესამედი გადის, ხოლო იქ მდებარე კუნძულების შელფი ნავთობით არის მდიდარი. ჩინეთს საზღვაო საზღვრებთან დაკავშირებით უთანხმოება აქვს იაპონიასთან, ბრუნეისთან, ვიეტნამთან, მალაიზიასთან და ფილიპინებთან.