თბილისი, 21 აპრილი — Sputnik. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი 21-22 აპრილს ერევანში ვიზიტისას მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დასარეგულირებლად გარკვეულ წინადადებებს წარადგენს, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ.
„სერგეი ლავროვი ხელცარიელი არსად არ ჩადის“, — თქვა მან ბრიფინგზე მასმედიის იმ განცხადებების კომენტირებისას, სადაც ერევანში მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირების გეგმით რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის გამგზავრების შესახებ იყო ნათქვამი.
როგორც ზახაროვამ აღნიშნა, „იმის თქმა, რომ ეს არის გეგმა, პროგრამა, პროექტი, დოკუმენტი — არასწორია“.
„საუბარია გარკვეულ წინადადებებზე, დარეგულირების კუთხით სხვადასხვა იდეების განხილვაზე. ამაში ჩვენი, შუამავლის როლი მდგომარეობს იმაში, რომ ვესაუბროთ მხარეებს, განვიხილოთ შესაძლებლობები, მოვისმინოთ მათი შეშფოთების შესახებ, კვანძის გახსნის ვარიანტები შევთავაზოთ“, — განაცხადა ზახაროვამ.
მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში სიტუაცია 2 აპრილს გამწვავდა. ერევანი აზერბაიჯანის მხრიდან შეტევითი ხასიათის მოქმედებების შესახებ იუწყებოდა, ამავე დროს ბაქოში სომხეთის შეიარაღებული ძალების მხრიდან სროლის შესახებ განაცხადეს. ოფიციალური განცხადებების თანახმად, კონფლიქტის ორივე მხარემ დანაკარგი განიცადა. მოგვიანებით, 5 აპრილს მხარეები სამხედრო მოქმედებების შეჩერების თაობაზე შეთანხმდნენ, მაგრამ საბოლოო მშვიდობა ჯერჯერობით არ დამდგარა. ორივე მხარე ერთობლივი შეთანხმებების დარღვევებზე საუბრობს.