თბილისი, 21 აპრილი — Sputnik. უკრაინის მთავრობის ახალმა თავმჯდომარემ ვლადიმირ გროისმანმა განაცხადა, რომ მას ოდესის გუბერნატორ მიხეილ სააკაშვილთან ნორმალური ურთიერთობები აქვს.
მანამდე სააკაშვილმა აღნიშნა, რომ ახალ მთავრობას „ყველაზე ფერმკრთალ მთავრობად მიიჩნევს, რაც მის მეხსიერებას ახსოვს“. მანამდე გროისმანი ასევე მუდმივად აკრიტიკებდა უკრაინის მთავრობას არსენი იაცენიუკის ხელმძღვანელობით.
„მიშასთან არანაირი წინააღმდეგობა არ არის, ის ერთი თვის წინაც ვნახე და ორი კვირის წინაც. ჩვენ ნორმალური ურთიერთობები გვაქვს“, — განაცხადა გროისმანმა, იუწყება „რია ნოვოსტი უკრაინა“ ტელეარხ „24“-ზე დაყრდნობით.
როგორც მან აღნიშნა, გუშინ სააკაშვილს უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოსთან შეხვდა. შეხვედრისას სააკაშვილმა ოდესის ოლქში ტრასის მშენებლობასთან და ადგილობრივი საბაჟოს მუშაობის ნორმალიზებასთან დაკავშირებით რიგი საკითხები წამოჭრა.
„მზად ვარ, რა სფეროშიც შემიძლია, დავეხმარო სააკაშვილს, ადმინისტრაციის სხვა ხელმძღვანელებსა და მერებს, რათა ისინი ეფექტურები იყვნენ“, — განაცხადა გროისმანმა.
ხუთშაბათს, 14 აპრილს უმაღლესმა რადამ უკრაინის პრემიერ-მინისტრის არსენი იაცენიუკის განცხადება თანამდებობიდან გადადგომის შესახებ ერთი დადგენილებით დააკმაყოფილა, ხოლო მის ადგილზე უმაღლესი რადას სპიკერი ვლადიმირ გროისმანი დანიშნა. ამ უკანასკნელის ადგილი კი ვიცე-სპიკერმა ანდრეი პარუბიიმ დაიკავა. პარუბიის პირველი მოადგილე ირინა გერაშჩენკო გახდა.
პარლამენტმა ასევე დაამტკიცა მინისტრთა ახალი კაბინეტი გროისმანის ხელმძღვანელობით. ყველა მინისტრი, გარდა ჯანდაცვისა, უკვე განსაზღვრულია.