თბილისი, 21 აპრილი — Sputnik. თბილისში დასაქმების ფორუმით წელს მხოლოდ ერთი კომპანია დაინტერესდა, რომელმაც დაზღვევის სფეროში გაყიდვების სპეციალისტის ორასი ვაკანტური ადგილი წარმოადგინა, იუწყება Sputnik–ის კორესპონდენტი ღონისძიების ადგილიდან.
ღონისძიება საერთაშორისო საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“ იმართება შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინიციატივით. უწყება წელს უკვე მესამედ მართავს დასაქმების ფორუმს.
„ამჯერად ერთ კერძო ბიზნეს-პარტნიორთან გვაქვს ურთიერთობა. ეს GPI-ჰოლდინგია, რომელმაც მართლაც უზარმაზარი მოტივაცია გამოიჩინა იმისთვის, რათა ამ პროექტში ჩართულიყო“, — უთხრა ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს.
შეთავაზებულ ვაკანსიაზე წარდგენილმა კანდიდატმა 6–8-თვიანი გადამზადება უნდა გაიაროს. ამ ხნის განმავლობაში ყოველთვიურად 400 ლარს მიიღებს. ხოლო სამსახურში ოფიციალურად გაფორმების შემდეგ ხელფასი 800 ლარის ოდენობით დაენიშნება, წინსვლის პერსპექტივით.
თავდაპირველად ბიზნეს-სექტორმა დიდი ინტერესი გამოამჟღავნა ფორუმის მიმართ. 2014 წელს მასში 141–მა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა, ხოლო 2015 წელს — 204–მა კომპანიამ. გასულ წელს დასაქმების კვირეული ჩატარდა სამ ქალაქში – თბილისში (74 კომპანია), ქუთაისსა და (70) და თელავში (60).
ორ წელიწადში, ფორუმის წყალობით, სამასზე მეტი ადამიანი დასაქმდა.
ჯანდაცვის სოციალური მომსახურების მონაცემთა ბაზაში დასაქმების მსურველი 60 ათასი ადამიანი ირიცხება.
დარეგისტრირება შესაძლებელია შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემის ვებ-გვერდზე worknet.gov.ge.