თბილისი, 21 აპრილი — Sputnik. აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა 12 დაკავებული ქართველი გაათავისუფლეს. ისინი სოფელ ხურჩაში „საზღვრის“ უკანონო გადაკვეთისთვის დააკავეს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „ნოვოსტი–გრუზია“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციაზე დაყრდნობით.
მოქალაქეები ოთხშაბათს დააკავეს. მათი გათავისუფლება მას შემდეგ მოხერხდა, რაც საქმეში სახელმწიფო უშიშროების სამსახური ჩაერთო და ამის შესახებ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას აცნობა.
საქართველომ აფხაზეთზე კონტროლი 1993 წელს დაკარგა. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მოსკოვმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა. ამის საპასუხოდ საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა, ხოლო აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს ოკუპირებული ტერიტორიების სტატუსი მიანიჭა.