თბილისი, 21 აპრილი — Sputnik. ძლიერმა ქარმა ქობულეთის რაიონში ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა, რის გამოც 4 ათასამდე აბონენტს ელექტროენერგია ვერ მიეწოდება, იუწყება ტელეკომპანია „აჭარა“.
ქარმა, რომლის სიჩქარე ზღვისპირა რაიონებში წამში 24 მეტრს აღწევს, რამდენიმე ხე მოგლიჯა და სოფელ ბუკნარისკენ მიმავალი გზა ჩახერგა. ღამით სამაშველო ბრიგადები იყო მობილიზებული, რომლებმაც გზა ხეებისგან გაწმინდეს.
„სტიქიისგან მნიშვნელოვანი ზიანი ამ დროისთვის არ ფიქსირდება. არსებული ინფორმაციით, სოფლებში შვიდამდე სახლის სახურავი ნაწილობრივაა დაზიანებული. მუნიციპალიტეტები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ“, — განაცხადა რაიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილემ ირაკლი ცეცხლაძემ.
საინფორმაციო საშუალებების ინფორმაციით, ელექტროენერგიის მიწოდება მოსახლეობას დღის ბოლომდე აღუდგება.
ამინდი ხუთშაბათის ღამით გაუარესდება. მოსალოდნელია ძლიერი ქარი და კოკისპირული წვიმა. შტორმმა შესაძლოა 5 ბალს მიაღწიოს.
ხუთშაბათს დასავლეთ საქართველოს ბევრ რაიონში მოსალოდნელია ძლიერი წვიმა ელჭექით. ქარი ღამით 20–25 მ/წმ-მდე გაძლიერდება.
აღმოსავლეთ საქართველოში, მათ შორის თბილისში, დღის მეორე ნახევარში წამოწვიმს. ქარის სიჩქარემ შესაძლოა წამში 28 მეტრს მიაღწიოს.
წვიმიანი და ქარიანი ამინდი პარასკევსაც შენარჩუნდება.
შაბათს გამოიდარებს და 26 აპრილამდე ქვეყანაში მზიანი და მშრალი ამინდი იქნება.