თბილისი, 21 აპრილი — Sputnik. საქართველოს ხელისუფლება რუსეთთან სავაჭრო, ჰუმანიტარულ და სხვა სფეროებში ურთიერთობების მოსაგვარებლად პრაგმატულ პოლიტიკას აწარმოებს, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სტრასბურგში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.
საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წლის აგვისტოში მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ გაწყვიტა.
„ჩვენ, პრაგმატული პოლიტიკის განხორციელების ხარჯზე, რუსულ-ქართული ურთიერთობების ჩიხიდან გამოყვანას ვცდილობთ“, — განაცხადა კვირიკაშვილმა. მის გამოსვლას პირდაპირ ეთერში საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი გადასცემდა.
მან ასევე აღნიშნა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრობლემის გადაჭრის მნიშვნელობა.
ხელისუფლების შეცვლის შემდეგ საქართველოს ახალი მთავრობის წარმომადგენლებმა საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზება დაასახელეს.
ამჟამად რუსეთსა და საქართველოს შორის დიალოგი მხოლოდ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატში, რუსეთთან ურთიერთობების მოგვარების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის პრაღაში რეგულარული შეხვედრების ფარგლებში მიმდინარეობს.
შეხვედრის ფორმატი პოლიტიკური საკითხების განხილვას არ ითვალისწინებს, მასზე განიხილება ვაჭრობის, ტრანსპორტისა და კულტურულ-ჰუმანიტარულ სფეროში ურთიერთობის საკითხები, ხოლო ჟენევის ფორმატში პოლიტიკურ საკითხებზე მსჯელობენ.

