თბილისი, 12 აპრილი — Sputnik. თუ თბილისში რუსეთის ინტერესთა სექციაში თანამშრომელთა რაოდენობა გაიზრდება, ეს მოსკოვში საქართველოს წარმომადგენლობაშიც მოხდება, განაცხადა სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძემ პირველი არხის ეთერში.
რუსეთის ვიზების მიღების მსურველთა მიმართვიანობის გაზრდასთან დაკავშირებით, მოსკოვმა შვეიცარიას თბილისში რუსეთის საკონსულოს თანამშრომლების რაოდენობის გაზრდა სთხოვა, განაცხადა მანამდე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა.
„მოთხოვნა ჩვენ საგარეო პოლიტიკურ უწყებაში შემოვიდა. ის ამ საკითხს განიხილავს. თუ საკითხი დადებითად გადაწყდება, ბუნებრივია ეს პარიტეტულ საწყისებზე მოხდება, ანუ ჩვენს სექციაშიც თანამშრომელთა რაოდენობა შესაბამისად გაიზრდება“,-თქვა აბაშიძემ.
მან დაადასტურა, რომ რუსეთის მიერ ვიზების გაცემის პროცედურის გამარტივების შემდეგ (2015 წლის დეკემბრის ბოლოს), რუსეთის ფედერაციაში შესვლის ნებართვის მიღების მსურველთა რაოდენობა საქართველოში მკვეთრად გაიზარდა.
რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე წასვლის მსურველ საქართველოს მოქალაქეებს საქმიანი, სამუშაო, სასწავლო, ჰუმანიტარული და კერძო ვიზების გაფორმება შეუძლიათ მოწვევის მხარის ნათესაობის ხარისხის მიუხედავად. რუსეთის მოქალაქეებს საქართველოს სტუმრობა ვიზების გარეშე შეუძლიათ.
თბილისმა დიპლომატიური ურთიერთობები მოსკოვთან 2008 წელს, რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ გაწყვიტა. 2008 წლის ბოლოდან მოსკოვსა და თბილისს შორის შუამავლის როლს შვეიცარია ასრულებს. თბილისსა და მოსკოვში შვეიცარიის საელჩოებში რუსული და ქართული ინტერესების სექციები მოქმედებს.