თბილისი, 21 აპრილი — Sputnik. მმართველი კოალიციის დამფუძნებელი ექს–პრემიერი ბიძინა ივანიშვილი პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო სიის ფორმირებაში მონაწილეობას მიიღებს, განაცხადა გაერთიანების ერთ–ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა გია ვოლსკიმ.
პარტია 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე პირველად წარდგება დამოუკიდებლად, გაერთიანების გარეშე.
„კონსულტაციები ბიძინა ივანიშვილთან, რომელიც საზოგადოებრივი მოძრაობისა და პარტიის დამფუძნებელია, გამორიცხულია, რომ არ იყოს… მაგრამ ეს არანაირად არ ნიშნავს რაღაც ძალისმიერ გავლენას“, — განაცხადა ვოლსკიმ ბრიფინგზე.
„ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატთა სიები 17 მაისს, პარტიის ყრილობაზე გახდება ცნობილი.
ვინ შევა სიაში, ჯერჯერობით უცნობია. თუმცა პარტიაში დაადასტურეს ინფორმაცია, რომ სიას სათავეში პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი ჩაუდგება.
კვირიკაშვილმა უკვე დადო პარტიის განახლების პირობა. მისი თქმით, ეს ახალგაზრდა პროფესიონალები, ახალი სახეები იქნებიან, რომლებიც საზოგადოებაში კარგი სახელით სარგებლობენ.
ბიძინა ივანიშვილის წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართვა პრემიერმა კვირიკაშვილმაც დადებითად შეაფასა. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილს, როგორც პარტიის დამფუძნებელს, აქვს მორალური უფლება, მხარი დაუჭიროს პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიულ საქართველოს“.