თბილისი, 20 აპრილი — Sputnik. არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი კახა კუკავა ამტკიცებს, რომ საქართველოს ექს-პრემიერი, მმართველი კოალიცია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი აპირებს მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის ფინანსური დახმარება გაუწიოს პარლამენტის ექს-სპიკერის ნინო ბურჯანაძის პარტია „გაერთიანებულ დემოკრატიულ მოძრაობას“.
„გარდა „ქართული ოცნებისა“, ბიძინა ივანიშვილი დააფინანსებს „რესპუბლიკელებს“ და ნინო ბურჯანაძეს. შესაძლოა, მას სხვა პარტიული ფავორიტებიც ჰყავდეს, რომლებსაც ფინანსურად დაეხმარება და შემდგომ უკვე პარლამენტში შეეცდება ამ ძალებით კოალიციის შექმნას“, — უთხრა „თავისუფალის საქართველოს“ ლიდერმა გაზეთ „ასავალ- დასავალს“.
მარტის ბოლოს კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ შემავალმა „რესპუბლიკურმა პარტიამ“ განაცხადა, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღებს მონაწილეობას. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ კოალიციის ბირთვი – პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“ ასევე კოალიციისგან დამოუკიდებლად აპირებს არჩევნებში მონაწილეობის მიღებას. კოალიცია და საპარლამენტო უმრავლესობა ასევე ცოტა ხნის წინ დატოვა პარტიამ „ეროვნული ფორუმი“.
ამჟამად კოალიციაში ოთხი პარტიაა დარჩენილი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“, „რესპუბლიკური პარტია“, „კონსერვატული პარტია“ და „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“.
უკვე ცნობილია, რომ ბურჯანაძის პარტია პარლამენტში ადგილებისთვის იბრძოლებს.
პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მონაცემებით, „დემოკრატიული მოძრაობა" მეორე ადგილზეა პარტიების შემოსავლების დონით, 2015 წელს მათ დაახლოებით 656,5 ათასი დოლარი მიიღეს.