თბილისი, 20 აპრილი — Sputnik. საქართველოში არ არსებობს კანონი, რომელიც სუროგატი დედების, ასევე ამ გზით დაბადებული ბავშვების უფლებებსა და ინტერესებს დაიცავს, განაცხადა გაეროს სპეციალურმა მომხსენებელმა ბავშვებით ვაჭრობის, ბავშვთა პროსტიტუციისა და პორნოგრაფიის საკითხებში მოდ დე ბურ-ბუკიკიომ თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე.
გაეროს სპეციალურმა მომხსენებელმა საქართველოში მონიტორინგის წინასწარი შედეგები წარმოადგინა. მონიტორინგი 11-18 აპრილის პერიოდში ჩატარდა. ვიზიტის ფარგლებში ის საქართველოს ხელისუფლების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და წეროვანის დასახლებაში.
„შეშფოთებული ვარ სუროგაციული დედობის საერთაშორისო კომერციული პრაქტიკით, რამდენადაც საქართველო იმ მცირერიცხოვან ქვეყნებს მიეკუთვნება, სადაც საზღვარგარეთულ ოჯახებს შეუძლიათ ბავშვები შეუკვეთონ ისეთი რეგულაციების გარეშე, რომლებიც დაბადებული ბავშვებისა და სუროგატი დედების უფლებებსა და ინტერესებს დაიცავდა“, — განაცხადა ბურ-ბუკიკიომ.
ქართულ კანონმდებლობაში სუროგატი დედების დაცვის მექანიზმები არ არის, რაც შემკვეთი მშობლებისთვის მოსახერხებელია, რადგან მათ სუროგატი დედის სრული დამორჩილება და მისი ექსპლუატაციის რისკის ქვეშ დაყენება შეუძლიათ, მიიჩნევს გაეროს მომხსენებელი.
„გარდა ამისა, კანონში არ არის გათვალისწინებული კომერციული სუროგატი დედებისგან შობილი ბავშვების უფლებები და ინტერესები, რაც ბავშვთა ექსპლუატაციის რისკს ზრდის და მათ რიგ უფლებებს აღვევს, მაგალითად, ბავშვის იდენტურობის, ეროვნებისა და ჯანმრთელობის უფლებას“, — განაცხადა ბურ-ბუკიკიომ.
ბუკიკიოს განმარტებით, სუროგატი დედის მიერ გაჩენილი ბავშვები, შესაძლოა, დონორობისა და ტრეფიკინგისთვის „შეუკვეთონ“.
ამასთან დაკავშირებით გაეროს სპეციალურმა მომხსენებელმა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, ბავშვთა ინტერესების გათვალისწინებით სუროგაციულ დედობასთან დაკავშირებით მიიღონ კანონი, რათა ისინი დაცული იყვნენ ძალადობისა და ექსპლუატაციისგან.
„ამ კანონმდებლობამ კლინიკებისა და მათი საქმიანობისთვის სუროგაციული დედობის პრაქტიკასთან დაკავშირებული მარეგულირებელი სისტემა უნდა შექმნას. ყველა ქმედება და გადაწყვეტილება ბავშვების უფლებებისა და ინტერესების დაცვის გათვალისწინებით უნდა იქნას მიღებული“, — აღნიშნა ბურ-ბუკიკიომ.
საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ და შინაგან საქმეთა სამინისტრომ ტრეფიკინგის აღკვეთის მიზნით უკვე გამოსცეს ბრძანება, რომლითაც საქართველოში სუროგატი დედებისგან შობილი ბავშვების მონაცემთა ბაზა შეიქმნება.
ბაზაში ასევე შეინახება მონაცემები სუროგატი დედისგან შობილი ბავშვის ახალი მშობლების შესახებ.
სრულ მოხსენებას საქართველოში მონიტორინგის შედეგებზე გაეროს სპეციალური მომხსენებელი გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 2017 წლის მარტში წარუდგენს.