თბილისი, 20 აპრილი — Sputnik. საქართველოში სუროგატი დედების მიერ გაჩენილი ბავშვების მონაცემთა ბაზა ტრეფიკინგის აღმოსაფხვრელად იქმნება, ნათქვამია იუსტიციისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების ერთობლივ ბრძანებაში.
ბაზაში ასევე შეინახება მონაცემები ბავშვის ახალი მშობლების შესახებ, ნათქვამია ბრძანებაში, რომელიც „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული.
სუროგატი დედების მიერ გაჩენილი ბავშვები მაშინვე მიიღებენ საქართველოს მოქალაქეობას, მაგრამ დაბადების მოწმობაში ახალი მშობლების სახელები იქნება მითითებული. თუ დაბადების მოწმობაში ორივე მშობელი — დედა და მამა — არ იქნება დაფიქსირებული, ბავშვის საზღვარგარეთ გაყვანა შეუძლებელი გახდება.
ოჯახები, რომელთაც სუროგატი დედების დახმარებით სურთ შვილების ყოლა, უნდა აკმაყოფილებდნენ გარკვეულ მოთხოვნებს. „ჯანმრთელობის შესახებ კანონის“ თანახმად, ერთ–ერთ პოტენციურ მშობელს უნაყოფობის დიაგნოზი უნდა ჰქონდეს დასმული, ან უნდა არსებობდეს გენეტიკურად გადამდები დაავადების დიდი რისკი.