თბილისი, 20 აპრილი — Sputnik. შს სამინისტროს თანამშრომლებმა თბილისში 2014 წლის დეკემბერში მომხდარი დედა-შვილის მკვლელობის საქმე გახსნეს. შს სამინისტროს მონაცემებით, ორმა პირმა ძარცვის მიზნით, თბილისში მცხოვრები საქართველოს მოქალაქის ნატო კვეზერელის და მისი ვაჟის გურამ კვეზერელის მკვლელობა დაგეგმა.
ამ მიზნით, დამნაშავეებმა კოჯორში, ერთ-ერთ აგარაკზე, მოტყუებით მიიყვანეს გურამ კვეზერელი და ცივი იარაღით მოკლეს. რის შემდეგაც დამნაშავეებმა გარდაცვლილის ცხედარი მოათავსეს კასრში, დაასხეს სპეციალური მჟავა და აგარაკის ეზოში ჩამარხეს.
იმავე დღეს, დამნაშავეები გურამ კვეზერელის დედას, ნატო კვეზერელს გაუსწორდნენ. მათ ის საკუთარ სახლში მოკლეს, რის შემდეგ სახლიდან 12 000 აშშ დოლარი, პორტატიული კომპიუტერი, გურამ კვეზერელის სახელზე გაფორმებული 2 ცეცხლსასროლი იარაღი წაიღეს.
გურამ კვეზერელის ცხედარი სამართალდამცავებმა ორშაბათს, 18 აპრილს აღმოაჩინეს.
პოლიციის თანამშრომლებმა მკვლელობის ბრალდებით ერთი პიროვნება დააკავეს, რაც შეეხება მის თანამზრახველს, იგი საზღვარგარეთ იმყოფება. მისი ადგილსამყოფელი დადგენილია და მისი ექსტრადირებისთვის შესაბამისი ღონისძიებები ტარდება. ორივეს ბრალი საქართველოს სსკ-ის მუხლით წარედგინათ —„დამამძიმებელ გარემოებაში ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობა“, რაც თავისუფლების აღკვეთის 16-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო პატიმრობით ისჯება.
გარდა ამისა, კიდევ ორი პიროვნება დააკავეს, რომლებსაც პოლიცია აბრალებს იმას, რომ მათ იცოდნენ დანაშაულის შესახებ და სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინეს.
მათ წინააღმდეგ სსკ-ის მუხლით „დანაშაულის არშეტყობინება“ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, რაც ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ორიდან ოთხ წლამდე ვადით ისჯება.