თბილისი, 20 აპრილი — Sputnik. საქართველომ 2016 წლის პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში 64-ე ადგილი დაიკავა. მან მაჩვენებლები ხუთი პუნქტით გააუმჯობესა. ამაზე საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციის „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ ანგარიში მეტყველებს.
ანგარიშის თანახმად, ბოლო წლებში გატარებულმა რეფორმებმა საქართველოში მედიაგარემო გააუმჯობესა, მათ შორის მედიამფლობელების გამჭვირვალობის თვალსაზრისით.
„ძალადობა ჟურნალისტების მიმართ უფრო იშვიათად ვლინდება, თუმცა ხშირია მუქარის განცხადებები. მაგრამ მასობრივი ინფორმაციის საშუალებები ძალზე პოლარიზებული რჩება და მიუხედავად ზოგიერთი პროგრესისა, მედიის მფლობელები რედაქციულ პოლიტიკაზე გავლენას ხშირად ახდენენ“, — ნათქვამია ანგარიშში.
რეიტინგში ფინეთი ლიდერობს. მას ნიდერლანდები და ნორვეგია მოსდევენ.
ყველაზე ცუდი შედეგები აქვს თურქმენეთს (178-ე ადგილი), ჩრდილოეთ კორეას (179-ე ადგილი) და ერიტრეას (180-ე ადგილი).
რაც შეეხება საქართველოს უახლოეს მეზობლებს, რუსეთმა პრესის თავისუფლების ინდექსში 148-ე ადგილი დაიკავა, სომხეთმა — 74-ე, თურქეთმა — 151-ე, ხოლო აზერბაიჯანმა — 163-ე.
პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსი (Worldwide Press Freedom Index) — ესაა ყოველწლიური კვლევა და მისი თანმხლები რეიტინგი მასმედიის თავისუფლების შესახებ მსოფლიოს ქვეყნებში.
რეიტინგის შედგენისას გათვალისწინებულია შემდეგი ფაქტორები: პლურალიზმი, მასმედიის დამოუკიდებლობა, ჟურნალისტების უსაფრთხოების უზრუნველყოფა, თავისუფლება, სამართლებრივი, ორგანიზაციული და ინფრასტრუქტურული პირობები.