თბილისი, 20 აპრილი — Sputnik. ზუგდიდში შსს-ს ერთ-ერთი რაიონული განყოფილების შენობაში აფეთქების საქმეზე, რომელსაც თანამშრომლის დაღუპვა მოჰყვა, სამინისტროს მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის ყოფილ მთავარ სპეციალისტს დემუშა ბარამიას ბრალი წარედგინა, აღნიშნულია მთავარი პროკურატურის ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.
ინციდენტი 2014 წლის ოქტომბერში მოხდა. შსს-ს სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს მე-2 სამმართველოს აქტიური ღონისძიებების სამსახურის ადმინისტრაციულ შენობაში წყლის გამაცხელებელი ავზი აფეთქდა, რის გამოც სამსახურის უფროსი ზვიად ლაგვილავა გარდაიცვალა.
გამოძიება ირწმუნება, რომ ავზი ამორტიზებული იყო. ამის შესახებ ტექნიკურმა პერსონალმა ტექნიკის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ პირს — ბარამიას აცნობა, რომელმაც აუცილებელ ზომებს არ მიმართა.
სისხლის სამართლის საქმე აღძრულია საქართველოს სსკ-ის 170-ე მუხლის მეორე ნაწილით (უსაფრთხოების ტექნიკის ან შრომის დაცვის სხვა წესის დარღვევა ამ წესის დაცვისათვის პასუხისმგებელი პირის მიერ, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა), რაც 2-დან 5 წლამდე პატიმრობით ისჯება.