თბილისი, 19 აპრილი — Sputnik. საქართველოს ყველა ინსტრუმენტი აქვს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან მისაერთებლად, ამიტომ ნატოს წევრობის სამოქმედო გეგმა (მაპი) უკვე წარსულს ჩაბარდა, თქვა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა.
საქართველო რამდენიმე წალია მაპს ელოდება. საქარტველოს ხელისუფლება დიდ იმედებს ამყარებს ნატოს მომავალ სამიტზე, რომელიც ვარშავაში 2016 წლის ივლისშია დაგეგმილი. თუმცა ალიანსის გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯეიმს აპატურაიმ ცოტა ხნის წინ მიანიშნა, რომ საქართველოს ამ სამიტისაგან მაპის მოლოდინი არ უნდა ჰქონდეს.
„MAP-ი არის ერთგვარი წარსული საქართველოსთვის. 2015 წლის დეკემბრის მინისტერიალზე ეს ასეც ითქვა, რომ MAP-ი გახდა პოლიტიკური პროცესის ნაწილი და მას არაფერი საერთო აღარ აქვს პრაქტიკულ ინსტრუმენტებთან, რადგან შეგახსენებთ, დოკუმენტში ცალსახად ჩაიწერა, რომ საქართველოს აქვს ყველა ინსტრუმენტი გაწევრიანების გზაზე. ამიტომ, ჩვენთვის MAP-ი არ არის ამოცანა,“ — განაცხადა თინა ხიდაშელმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში.
თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის განმარტებით, საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციისთვის ყველა ინსტრუმენტი აქვს და ქვეყანამ ყველა ის დავალება შეასრულა, რომელიც მას ბრიუსელმა მისცა.
„ამიტომ მაპი არ არის ნატოს გაწევრიანების გზაზე ჩვენთვის მთავარი ამოცანა. გაწევრიანების გზაზე ჩვენი მთავარი ამოცანა გაწევრიანებაა“, — დაასკვნა ხიდაშელმა.
საქართველოსა და ნატოს ინსტიტუციური თანამშრომლობა 1994 წელს დაიწყო, როდესაც საქართველო პროგრამის „პარტნიორობა მშვიდობისთვის“ მონაწილე გახდა. 2004 წლიდან საქართველო-ნატოს თანამშრომლობა მეტად ინტენსიურ ფაზაში შევიდა. 2008 წლის აპრილში ბუქარესტის სამიტზე ნატოს წევრი-ქვეყნების მეთაურებმა დაადასტურეს, რომ ალიანსის სტანდარტებთან შესაბამისობის შემთხვევაში, საქართველო და უკრაინა მომავალში ნატოს წევრი-ქვეყნები გახდებიან.
2014 წლის სექტემბერში უელსის სამიტზე საქართველოს წარედგინა ღონისძიებათა პაკეტი, რომელიც მის ალიანსში გაწევრიანების სწრაფვას უწყობს ხელს.
გასული წლის აგვისტოში კრწანისის ეროვნულ სასწავლო ცენტრში ნატოს სასწავლო ცენტრი გაიხსნა, სადაც მომზადებას ალიანსისა და ნატოს პარტნიორი ქვეყნების სამხედრო მოსამსახურეები გაივლიან.