თბილისი, 18 აპრილი — Sputnik. დედაქალაქის სტუმრები ხშირად შოკირებულნი რჩებიან თბილისის ცენტრალურ ქუჩებში უსახლკარო ბავშვების სიმრავლით, რომლებიც გამვლელებს ლამის ფეხებში ედებიან და მოწყალებას ითხოვენ. გამვლელებს აბეზარი მათხოვრების მოგერიება და მათგან თავის დაღწევა უხდებათ.
ასეთი ბავშვებისთვის ქუჩა ან თბილისის მეტროპოლიტენია სახლი, სადაც მთელი დღის განმავლობაში დადიან მატარებლიდან მატარებელში, ვაგონიდან ვაგონში და მოწყალებას ითხოვენ. მშობლები კი მოშორებით, პლატფორმაზე ან ქუჩაში ელოდებიან და „გამომუშავებულ“ ფულს ართმევენ.
ქუჩის ბავშვები არ დადიან სკოლაში და ხშირად არც არანაირი საბუთი არ აქვთ.
სახელმწიფოს პოზიცია
ხელისუფლებას კარგად ესმის, რომ ქუჩის ბავშვები ქვეყნის ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემაა, თუმცა ამ მიმართულებით ქმედითი ნაბიჯების გადადგმა მხოლოდ ცოტა ხნის წინ დაიწყეს.
ახლა საქართველოს პარლამენტში განიხილება კანონპროექტი, რომლის თანახმადაც სოციალური მუშაკები ასეთ ბავშვებს ოჯახებს ჩამოართმევენ. თუმცა ეს ინიციატივა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ჯერჯერობით მხოლოდ განხილვის ეტაპზეა.
სახელმწიფო მათხოვრობას ბავშვთა ექსპლუატაციად არ განიხილავს და პოლიციაც, რომელიც ყველა მეტროსადგურის პლატფორმაზე მორიგეობს, გულგრილად შეჰყურებს ქუჩის ბავშვებს.
საქართველოში ცნება „უსახლკარო ბავშვები“ აქამდე არ არსებობდა. იუსტიციის სამინისტრომ მხოლოდ ახლახანს წამოაყენა წინადადება, შევიდეს საქართველოს კანონმდებლობაში ამგვარი ცნება.
ამის პარალელურად, საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტომ, მთავრობის მიერ დამტკიცებული პროგრამის საფუძველზე, უსახლკარო ბავშვებისთვის სპეციალური ცენტრი გახსნა, სადაც მათ დღეში ორჯერადი კვებით უზრუნველყოფენ. ბავშვებს ცენტრებში შეუძლიათ იბანაონ და სამედიცინო თუ ფსიქოლოგიური დახმარებაც მიიღონ.
ცენტრი თითო ბავშვზე ყოველდღიურად 4 დოლარს ხარჯავს. 2015 წელს თბილისში არსებული ცენტრით სულ 158 ბავშვმა ისარგებლა.
ცხოვრების დაბალი დონე
ამერიკული გამოცემა Global Finance Magazine–ს ვერსიით, საქართველო 185–დან 113–ე ადგილზეა მსოფლიოს მდიდარი ქვეყნების ჩამონათვალში. ჩვენს ქვეყანაში დაახლოებით 365 ათასი ადამიანი სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს, რაც მოსახლეობის საერთო რაოდენობის 9,7%-ია. ასეთია სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემები.
საქართველოში ოთხ სულიანი ოჯახის საშუალო საარსებო მინიმუმი, მარტის მონაცემებით, 286.31 ლარია (დაახლოებით 127,2 აშშ დოლარი). ამასთან მარტში გაიზარდა კომუნალური გადასახადების ტარიფები, ჯანდაცვის, ტანსაცმლის, ალკოჰოლისა და თამბაქოს ნაწარმის ფასები. ეს ქვეყნის სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებია.
შედარებისთვის: NDI–ს გამოკითხვამ ჩვენა, რომ საქართველოში ერთი ოჯახის საშუალო თვიური შემოსავალი სულ 400 ლარია (დაახლოებით 175,4 აშშ დოლარი).
პრობლემის ხედვა
ბავშვებით ვაჭრობის, პროსტიტუციისა და მონური ექსპლუატაციის საკითხებში გაეროს ადამიანის უფლებათა ექსპერტმა მოდ დე ბურ-ბუკიკიომ თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე ქვეყანაში 11–18 აპრილს ჩატარებული კვლევიდან გამომდინარე განაცხადა, რომ ქუჩის ბავშვები უმთავრესი პრობლემაა საქართველოში ბავშვთა უფლებების დაცვის თვალსაზრისით.
გაეროს სპეციალური მომხსენებლის აზრით, საქართველოს ხელისუფლებამ და არასამთავრობო ორგანიზაციებმა არა მხოლოდ მატერიალური დახმარება უნდა გაუწიონ იმ ოჯახებს, რომელთა შვილებიც იძულებულები არიან ქუჩაში „იმუშაონ“, არამედ ასეთი ბავშვების განათლებაზეც უნდა გაამახვილონ ყურადღება.
საქართველოს სახალხო დამცველი „ქუჩის ბავშვების“ პრობლემის მოგვარებას შსს–ს გაძლიერებულ მუშაობაში ხედავს, რომელმაც უსახლკაროთა ცენტრთან უნდა ითანამშრომლოს. ომბუდსმენს მიაჩნია, რომ აუცილებელია ასეთ ბავშვებთან უკვე მომუშავე ადამიანებისთვის კვალიფიკაციის ამაღლება, რათა მათ უკეთ მოახდინონ რეაგირება ბავშვების პრობლემებზე.