თბილისი, 19 აპრილი — Sputnik. თბილისის მერია ცხრა მუნიციპალური მუზეუმის საერთო ადმინისტრირებისათვის „მუზეუმების გაერთიანების“ შექმნას აპირებს.
„მუზეუმების გაერთიანება“ ერთიანი, ცენტრალიზებული ორგანო გახდება, რომელიც მუზეუმების მუშაობის ხარისხის გაუმჯობესებაზე პასუხისმგებელი იქნება.
„მუზეუმების გაერთიანება“ მოიცავს საზოგადო მოღვაწისა და მწერლის ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმს; პოეტ ნიკოლოზ ბარათაშვილის, მწერალ მიხეილ ჯავახიშვილის, მხატვარ სოსო წერეთლის, ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის მერაბ კოსტავას, კომპოზიტორ ზაქარია ფალიაშვილის, პოეტ გალაქტიონ ტაბიძის, მწერალ ვახტანგ ჭაბუკიანის სახლ-მუზეუმებს, და ასევე თოჯინების მუზეუმს.
„საკრებულომ რეორგანიზაციის პროცესის დასაწყებად თანხმობა მოგვცა. საკითხი თბილისის მთავრობის განსახილველად იქნება გატანილი. ამის მერე შესაბამისი პროცედურები დაიწყება, რომელთა დასასრულებლად ორი-სამი თვე დასჭირდება“,- ციტირებს მერიის კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილის მაკა ნასრაშვილის სიტყვებს საინფორმაციო სააგენტო "Новости-Грузия".
„მუზეუმების გაერთიანების“ შექმნა მიმდინარე წლის მერიის ბიუჯეტშია გათვალისწინებული, შესაბამისად დამატებით ხარჯებს არ მოითხოვს. რეორგანიზაციის შედეგად მუზეუმების თანამშრომლემისა და ხელმძღვანელების დათხოვნა არ იგეგმება, ხაზი გაუსვეს მერიაში.