თბილისი, 19 აპრილი — Sputnik. საქართველოში მცხოვრები მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები, თუ მოსაწვევს მიიღებენ, მზად არიან გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, 9 მაისს, აღლუმზე მოსკოვში წავიდნენ, განუცხადა Sputnik-ს მოხუცებულთა სახლის დირექტორმა დარეჯან თომაძემ.
გასულ წელს რუსეთის მთავრობის მიწვევით მოსკოვში აღლუმზე საქართველოდან სამამულო ომის სამი ვეტერანი იყო მიწვეული, განაცხადა თომაძემ.
„ველოდებით მოსაწვევებს და ალბათ, 9 მაისს აღლუმზე მოსკოვში კვლავ წავალთ. გასულ წელს ჩვენი პანსიონატის ბენეფიციართან — ვეტერან შალვა ბოჟაძესთან ერთად გავემგზავრე. ამ ხუთდღიანმა გამგზავრებამ მას იმდენი სიხარული მიანიჭა, ისე გამოცოცხლდა, რომ წელსაც დიდი სიამოვნებით წავალ“, — აღნიშნა დირექტორმა.
თბილისის პანსიონატში ამჟამად ომის ოთხი ვეტერანი ცხოვრობს. ფაშიზმზე გამარჯვების დღეს აქ კონცერტებითა და საზეიმო ღონისძიებებით აღნიშნავენ. ვეტერანები ხელმძღვანელობისგან მცირე საჩუქრებს იღებენ.
„როცა მოსკოვში ვიყავით, მე და ბატონმა შალვამ ვიგრძენით, რომ ჩვენ — ქართველები და რუსები — ერთიანი ვართ, ჩვენ მეგობრები ვართ“, — აღნიშნა თომაძემ.
დირექტორის თქმით, საქართველოდან ვეტერანების გამგზავრების ყველა ხარჯი რუსეთის მთავრობამ აიღო.
„მოსკოვში ხუთი დღის განმავლობაში ვიყავით და ეს დაუვიწყარი დღეები იყო. ძალიან თბილად მიგვიღეს“, — აღნიშნა მან.