თბილისი, 19 აპრილი — Sputnik. ევროპის საკლუბო ფეხბურთის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის — უეფას ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული წელსაც მადრიდის „რეალი“ გახდება. ასე ფიქრობს Sputnik–ის მიერ გამოკითხულთა 46.4%.
გასულ კვირაში შვეიცარიის ნიონში კენჭისყრა გაიმართა, რომელმაც ტურნირის ნახევარფინალური შეხვედრების წყვილები განსაზღვრა: „რეალი“ შეხვდება „მანჩესტერ სითის“, ხოლო „ბავარია“ მადრიდის „ატლეტიკოსთან“ ითამაშებს.
მკითხველთა აზრით, სწორედ „რეალის“ მოწინააღმდეგე გუნდია ყველაზე სუსტი ნახევარფინალისტებს შორის — „მანჩესტერ სიტის“ ხმა გამოკითხულთა მხოლოდ 8.9%-მა მისცა.
მეორე ადგილზეა „ბავარია“ — ხმათა 32.1%-ით. აღსანიშნავია, რომ მიუნჰენური კლუბი ზედიზედ მეხუთედ გადის ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში. ამასთან, „ბავარიამ“ ერთხელ გაიმარჯვა ტურნირში, ხოლო ერთხელ ფინალური ბრძოლა დათმო.
მადრიდის „ატლეტიკომ“, რომელმაც მეოთხედფინალში „ბარსელონა“ დაამარცხა, მკითხველთა ხმების 12.5% ერგო.
პირველი ნახევარფინალური მატჩები 26 და 27 აპრილს გაიმართება, ხოლო საპასუხო თამაშები 3 და 4 მაისს ჩატარდება.
უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალური შეხვედრა 28 მაისს მილანში, „სან–სიროს“ სტადიონზე შედგება.