ნოდარ მაისურაძე
უეფას ჩემპიონთა ლიგაში ერთი და იგივე გუნდი ზედიზედ ორი სეზონის გამარჯვებული ისევ ვერ გახდება. ეს მას შემდეგ გახდა აშკარა, რაც „ბარსელონა“ „ატლეტიკოსთან“ მეოთხედფინალურ საპასუხო მატჩში დამარცხდა ანგარიშით 0:2.
„ატლეტიკოს“ გარდა მილანის „სან–სიროს“ სტადიონისკენ, სადაც მიმდინარე სეზონის საფინალო მატჩი უნდა გაიმართოს, ნაბიჯი მიუნხენის ბავარიამ, მადრიდის „რეალმა“ და „მანჩესტერ სიტიმაც“ გადადგეს.
მეოთხედფინალურ დაპირისპირებებზე გვესაუბრება სანდრო ცნობილაძე, ცნობილი სპორტული კომენტატორი, ამჟამად რადიო Jako.fm–ის სპორტული რედაქტორი.
– ჩემპიონთა ლიგის ტრადიცია არ იცვლება — აქამდე ზედიზედ ორჯერ ტურნირი არავის მოუგია. ამ ტრადიციის მორიგ „მსხვერპლად“ იქცა „ბარსელონა“, რომელსაც ბევრი გამარჯვებას უწინასწარმეტყველებდა. რა შეცდომა დაუშვა გუნდმა, რა არ გააკეთა ისე, როგორც საჭირო იყო?
— ასე ერთმნიშვნელოვნად ვერ ვიტყვით, რომ „ბარსელონა“ და ლუის ენრიკე რამეში შეცდნენ. გუნდს ჩავარდნის პერიოდი აქვს და ეს უკვე შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს — ორი მარცხი ზედიზედ ესპანეთის ჩემპიონატში, „ატლეტიკოსთან“ პირველ მატჩში რთული გამარჯვება და ისიც იმის წყალობით, რომ სიმეონეს გუნდი თითქმის მთელი საათის განმავლობაში ნაკლული შემადგენლობით თამაშობდა, ახლა კი მარცხი საპასუხო შეხვედრაში.
რაღაც მსგავსი მათ უკვე ჰქონდათ თებერვალში, თუმცა მაშინ ბარსამ შეძლო ვითარების გამოსწორება. ახლა გუნდი ცაიტნოტშია და შემიძლია ვივარაუდო, რომ საქმე მხოლოდ ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნით არ დასრულდება. ქვეყნის ჩემპიონატში იგივე „ატლეტიკო“ მხოლოდ სამი ქულით ჩამორჩება კატალონიელებს, არა და წინ კიდევ ექვსი ტურია.
– ანუ „ბარსელონამ“ წააგო და არა „ატლეტიკომ“ მოიგო?
— არა, უბრალოდ, მოცემულ შემთხვევაში ასე მოხდა. „ბარსას“ ჩავარდნა აქვს, გუნდი, უბრალოდ, გაჩერებულია, რითიც „ატლეტიკომ“ მოხერხებულად ისარგებლა და დიეგო სიმეონეს ტაქტიკური ჩანაფიქრი განახორციელა. „ატლეტიკო“ — ეს აბსოლუტურად, 100 პროცენტით მწვრთნელის დამსახურებით წამოწეული გუნდია.
საპასუხო მატჩში „ბარსელონამ“ ვერა და ვერ წაიწია წინ, იმიტომ რომ მოედნის ყოველ კვადრატულ სანტიმეტრზე მძლავრ თავდაცვით ხაზს აწყდებოდა. გუნდს აშკარად არ ჰყოფნიდა სივრცე, ამის გარეშე კი მას არ შეუძლია გააკეთოს ის, რასაც მიჩვეულია. საჯარიმო მოედანსა და მის მისადგომებთან „ბარსას“, სულ მცირე, 8–9 კაცი ხვდებოდა, კატალონიელები კი მაინც მოწინააღმდეგის თავდაცვის გარღვევას ცდილობდნენ და არა შორიდან დარტყმას. და ეს იმიტომ, რომ საკუთარი ტაქტიკის მძევლები არიან.
თანაც სიმეონემ ე.წ. „ენ–ემ–ეს“–ის, ანუ ნეიმარ-მესი–სუარესის სრულად გამოთიშვაც მოახერხა. ის ძალიან საზრიანად მიუდგა ამ სამეულის ნეიტრალიზაციის საკითხს. ასე რომ, შეიძლება ითქვას, სიმეონემ კარგი საჭადრაკო პარტია ჩაატარა — თეთრებით ითამაშა და გაიმარჯვა.
– მოულოდნელი იყო თქვენთვის, რომ „ატლეტიკო“ თავიდანვე გოლების გასატანად გავარდა? ეს ხომ სავსებით არატიპიურია სიმეონეს გუნდისთვის?
— გავარდნით კი გავარდა, მაგრამ „ხმალი არ უშიშვლია“, როგორც, მაგალითად, „რეალი“ მოიქცა „ვოლფსბურგთან“ შეხვედრისას. „ატლეტიკომ“ პირველი 10–15 წუთის განმავლობაში სიტუაცია დაზვერა, საკუთარი ინტერესები მონიშნა და მერეღა გადაერთო თამაშის საყვარელ მანერაზე და, როგორც აღმოჩნდა, არც შემცდარა.
ამასთან, მეორე ტაიმში მადრიდელებმა სრულად გადასცეს ინიციატივა მოწინააღმდეგეს, ვინაიდან იცოდნენ, რომ ა) მათ კარგად შეუძლიათ თავდაცვა და ბ) კონტრშეტევის შანსის გათვალისწინებით. ასეც მოხდა.
– კარგი, მაგრამ რაცოლიმ აშკარა პენალტი არ დანიშნა ესპანელების კარში, თორემ დამატებით კიდევ 30 წუთის თამაში მოუწევდათ.
— კი, პენალტი დასანიშნი იყო, მაგრამ, მოდით, ნუ განვავრცობთ ვიდეო–გამეორებების თემას. ამასთან, მე საერთოდაც არ ვარ დარწმუნებული, რომ თამაშის კიდევ 30 წუთით გაგრძელების შემთხვევაში „ბარსას“ რაიმე მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური უპირატესობის მოპოვება შეეძლო.
– ვინ მოგეწონათ ყველაზე მეტად მოთამაშეებიდან?
— გრიზმანის დუბლის მიუხედავად ამ მატჩში, მე ვიტყოდი, რომ საუკეთესო მოთამაშე საული იყო. ბიჭი სულ 21 წლისაა და უკვე ესმის და იზიარებს სიმეონეს ფილოსოფიას.
საერთოდ, სიმეონეს გუნდში ძალიან რთულია ვინმეს გამოყოფა. ეს ძალიან შეკრული კოლექტივია, სადაც თითოეულმა უზუსტესად იცის საკუთარი ფუნქცია. ტყუილად კი არ ეძახიან „სიმეონეს ბანდას“.
– ასეთი დახვეწილი მეოთხედფინალის ფონზე „ბენფიკასა“ და „ბავარიის“ თამაში ხომ არ დაიკარგა?
— სიმართლე გითხრათ, „ბენფიკასგან“ მეტს ველოდი. დიდი ხანია, მათ მატჩებზე ანშლაგი არ ყოფილა. და, აი, გუშინ სტადიონი პირთამდე იყო სავსე. თუმცა ამან საქმეს ვერ უშველა.
„ბავარია“ ახლა საუკეთესო ფორმაში ვერაა — ეს გერმანიის ჩემპიონატის უკანასკნელ მატჩებში გამოჩნდა. თანაც მის შემადგენლობაში არის ფეხბურთელი, რომელსაც გენიალური მატჩის ჩატარებაც შეუძლია და უკვე მეოცე წუთზე წითელი ბარათის მიღებაც. არტურო ვიდალზე ვლაპარაკობ.
– მოდით, „პარი სენ–ჟერმენსა“ და „სიტის“ შეხვედრაზეც ვისაუბროთ. რაში მდგომარეობს პარიზელების დამარცხების ძირითადი მიზეზი?
— მე ვიტყოდი, „პარი სენ–ჟერმენმა“ მანჩესტერში მეორე მატჩი კი არ წააგო, არამედ შინ, პარიზში, ერთი კვირის წინ. როცა მოწინააღმდეგეები დაახლოებით თანაბარი ძალის არიან, ყველაფერი საშინაო შეხვედრებში წყდება. ფრანგებმა „სიტის“ ანგარიშის გათანაბრების უფლება მისცეს და ამით მინიმუმამდე დაიყვანეს ნახევარფინალში გასვლის შანსი.
ამას გარდა პარიზელებს კიდევ ორი უზარმაზარი პრობლემა აქვთ. პირველი: კონკურენციის სრული არქონა ეროვნულ პირველობაში — გუნდი რამდენიმე ტურის წინ ჩემპიონი გახდა და თანაც ისე, რომ მეორე ადგილზე გასული გუნდისგან 25 ქულა განასხვავებს. ამის შემდეგ ძალიან ძნელია გადაეწყო ჩემპიონთა ლიგის მატჩებსა და ძლიერ მოწინააღმდეგეებზე;
მეორე პრობლემა: ზლატან იბრაგიმოვიჩი. უფრო სწორად, მის შესახებ გამუდმებული საუბრები, წავა თუ არ წავა და სად წავა. ხან ჩინეთში მაჭანკლობენ და ხან ინგლისში. გუნდის ლიდერის სახელის მუდმივად ამ ასპექტში ტრიალი სარგებლის მომტანი არ არის.
– საპასუხო მატჩის წინ სპეციალისტების უმრავლესობა ამტკიცებდა, რომ ჯერ კიდევ ყველაფერი არ არის გადაწყვეტილი, ვინაიდან „სიტის“ ანგარიშის შენარჩუნებაზე თამაში არ შეუძლია.
— სრული სისულელეა! „მანჩესტერ სიტის“ მესაჭე მანუელ პელეგრინია, ძალიან ჭკვიანი და გამოცდილი მწვრთნელი, რომელსაც მშვენივრად შეუძლია მეორე ნომრად თამაში. გაიხსენეთ მისი ნამუშევარი ესპანეთში. „ვილიარეალი“ მეოთხედფინალამდეც მიუყვანია და ნახევარფინალამდეც. მერე „რეალთან“ მუშაობდა და 96 ქულა აიღო. ეს კლუბის ისტორიის განმავლობაში საუკეთესო მაჩვენებელია. თუმცა მადრიდელებმა მაინც მეორე ადგილი დაიკავეს, რადგან იმ სეზონში „ბარსელონა“ გიჟურად თამაშობდა. პელეგრინი გუნდიდან გაუშვეს და ისიც სრულიად მოკრძალებულ „მალაგაში“ წავიდა სამუშაოდ, რომელმაც მალე: ა) პრიმერაში მეოთხე ადგილი დაიკავა (ეს კლუბის უმაღლესი მიღწევა იყო) და ბ) გუნდი ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გაიყვანა (სადაც ძალიან სადავო მსაჯობის პირობებში „დორტმუნდთან“ მატჩში დათმო).
„ვილეარეალთანაც“ და „მალაგასთანაც“ ის თითქმის ყოველთვის მეორე ნომრად თამაშობდა. ასე რომ, იმის თქმა, თითქოს „სიტი“ კისრისტეხით უნდა გაჭრილიყო წინ და კარში დაერტყა — სისულელეა. რატომ უნდა მოქცეულიყო ასე? ეს სტუმრებს უნდა ეცადათ ბედი და არა მათ.
– რას იტყვით „რეალის“ თაობაზე? რატომ ჰქონდათ ასეთი ჩავარდნა პირველ მატჩში და მერე დამაჯერებელი გამარჯვება საპასუხო შეხვედრაში?
— ერთი კვირის წინ ესპანელები, ეროვნულ ჩემპიონატში „ბარსელონასთან“ გამარჯვების შემდეგ, „ვოლფსბურგში“ რიხით ჩავიდნენ. აშკარა იყო, რომ „რეალი“ „მგლებთან“ გამკლავებას ცალი ხელით აპირებდა, მაგრამ არ გამოუვიდა.
ამასთან ზიდანმა, როგორც მწვრთნელმა, ჯერ კიდევ ვერ შეისწავლა გუნდის თამაში გასვლით მატჩებზე. ხოლო თუ „ვოლფსბურგის“ ემოციურ მდგომარეობას გავითვალისწინებთ, რომლისთვისაც მეოთხედფინალში გასვლა უკვე უზარმაზარი მიღწევაა, ესპანელებმა ორი უპასუხო ბურთი მიიღეს საკუთარ კარში.
– ანუ „ვოლფსბურგის“ ნახევარფინალში გასვლა არც კი განიხილებოდა?
— რა თქმა უნდა, არა. საპასუხო თამაშის შედეგი არანაირ ეჭვს არ იწვევდა. უკვე მე–16 წუთზე ანგარიში 2:0 იყო.
ასე რომ „რეალის“ გასვლა აბსოლუტურად კანონზომიერი იყო, ხოლო „ვოლფსბურგს“ სამართლიანად შეუძლია იამაყოს საკუთარი მიღწევით, რომ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში ითამაშა და „რეალი“ „ფოლკსვაგენ–არენაზეც“ ასტუმრა.
– ნახევარფინალის კენჭისყრა პარასკევს გაიმართება. მისი შედეგების გაუთვალისწინებლად (ვინაიდან ბევრი რამ იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ ვინ ვისთან დაწყვილდება), ვის მიანიჭებდით უპირატესობას?
— სწორი შენიშვნაა. მაგრამ თუ ამას გავემიჯნებით, მაშინ ფავორიტად „ბავარიას“ დავასახელებდი. იმიტომ რომ, როგორც უკვე აღვნიშნე, ისინი ზედიზედ მეხუთედ გადიან ნახევარფინალში. მათ იციან, როგორ უნდა ითამაშონ ასეთი თამაში. ამასთან, დიდი მნიშვნელობა აქვს იმასაც, რომ ზიდანისგან განსხვავებით, გვარდიოლამ იცის, როგორ უნდა ჩაატაროს ამგვარი მატჩები.
ნახევარფინალის ყველაზე სუსტ მონაწილედ მე „მანჩესტერ სიტის“ დავასახელებდი.
თუმცა ნუ გავაკეთებთ ნაჩქარევ დასკვნებს, იმიტომ რომ 1999 წლის ცნობილი ფინალის შემდეგ სერ ალექს ფერგიუსონმა არაჩვეულებრივი ფრაზა თქვა: „ეს ფეხბურთია, ეშმაკმა წაიღოს!“