თბილისი, 18 აპრილი – Sputnik. საქართველოს ხელისუფლებამ იმ ბავშვთა პრობლემების მოსაგვარებლად, რომლებიც ქუჩაში ცხოვრობენ და მუშაობენ, შესაბამისი ზომები უნდა მიიღოს, განაცხადა თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე ბავშვებით ვაჭრობის, პროსტიტუციისა და მონური ექსპლუატაციის საკითხებში გაეროს ადამიანის უფლებათა ექსპერტმა მოდ დე ბურ-ბუკიკიომ.
11-18 აპრილის პერიოდში გაეროს სპეციალურმა მომხსენებელმა საქართველოში არსებული ვითარების მონიტორინგის მიზნით საქართველოს ხელისუფლების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან რიგი შეხვედრები გამართა. გარდა ამისა, ბუკიკიომ თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და წეროვანში არსებული საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლები მოინახულა.
„სერიოზული საკითხი, რომელიც მინდა აღვნიშნო, ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე ბავშვებს ეხება. აქ აუცილებელია სახელმწიფოსა და არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობა, რადგან ასეთ ოჯახებს ადრეულ ეტაპზე სჭირდებათ დახმარება. აუცილებელია მონიტორინგის მექანიზმისა და სოცმუშაკის ინსტიტუტის გაძლიერება, რათა მსგავსი ფენომენი აღარ იყოს“, — განაცხადა ბუკიკიომ.
იმ ოჯახებისთვის, რომლებიც საკუთარ შვილებს ქუჩაში მუშაობას აიძულებენ, მნიშვნელოვანია არა მარტო მატერიალური დახმარების გაწევა, არამედ ამ ბავშვების განათლებაზე აქცენტის გაკეთება, ხაზგასმით აღნიშნა გაეროს წარმომადგენელმა.
„არსებული მონაცემები ასეთია: ნათელია საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ბოლო 10 წლის განმავლობაში გაწეული ძალისხმევა ბავშვთა უფლებების დაცვის კუთხით. ეს როგორც საკანონმდებლო ბაზას, ისე ბავშვთა სახლების დეინსტიტუციონალიზაციას ეხება… მთავარი მიზანია, რომ ბავშვები ოჯახებში ცხოვრობდნენ“, — განაცხადა ბურ-ბუკიკიომ.
დღეს სპეციალურმა მომხსენებელმა მონიტორინგის სავარაუდო შედეგები გაასაჯაროვა, საქართველოში არსებული ვითარების საბოლოო ანგარიშს კი გაეროს 2017 წლის მარტში წარუდგენენ.