თბილისი, 17 აპრილი — Sputnik. ქარიშხალმა თბილისის მოსახლეობას ზიანი მიაყენა — სახლებს სახურავები გადახადა, ხეები წააქცია და ავტომობილები დააზიანა. თბილისის მერიაში სპეციალური კომისია შეიქმნა, რომელიც ამ სამ დღეში მიყენებულ ზარალს დაითვლის.
წინასწარი მონაცემებით, ყველაზე მეტად ძლიერმა ქარმა დიდუბის რაიონი დააზარალა, სადაც ათი ავტომანქანა დაზიანდა და 17 სახლს აეხადა სახურავი.
საგანგებო სიტუაციათა სამსახურში აცხადებენ, რომ ყველა შემოსულ ზარზე მოახდინეს რეაგირება და ყველას აღმოუჩინეს შესაბამისი დახმარება, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.
თბილისის მერია რაიონულ გამგეობებთან ერთად მუშაობს, რათა ძლიერი ქარიშხლით დაზარალებულ მოქალაქეებს დახმარება აღმოუჩინოს. კერძოდ, აღდგენილი იქნება დაზიანებული ელექტროგადამცემი ხაზები და გადახდილი სახურავები.
რაც შეეხება დაზიანებულ ავტომობილებს, მერია იმ მფლობელებს, რომლებსაც ავტომობილები დაზღვეული არ ჰყავდათ, ასევე აღუთქვამს დახმარებას.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ქარი დღეს, კვირას უკვე სუსტდება და საბოლოოდ ორშაბათს ჩადგება.