ბაგრატოვანთა ახალი წიგნი - ვინ არის ტახტის მემკვიდრე

© РИА НОВОСТИსამეფო დინასტიის შთამომავლების ქორწილი
სამეფო დინასტიის შთამომავლების ქორწილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სამეფო სახლის კანლერი: „ეს წიგნი ყველა კითხვას პასუხობს და ყველანაირ კინკლაობას წერტილს უსვამს“...
ნინო ცხოიძე
90-იანი წლებიდან მოყოლებული, როცა საქართველოში პოლიტიკური ვითარება შეიცვალა, მედია-სივრცეში არა ერთხელ წამოტივტივებულა ბაგრატოვანთა დინასტიის შესახებ საუბრები. თუმცა, ძირითადად, იგი სამეფო გვარის სხვადასხვა შტოებს შორის არსებული დამოკიდებულების, თუ ბაგრატოვანთა ტახტის მემკვიდრის ვინაობის გარკვევას და პროვოკაციებსაც უკავშირდებოდა. საქართველოსათვის ამ დინასტიის მნიშვნელობას საბოლოოდ არ დაუკარგავს აქტუალობა. სამეფო სახლის კანცელარია დიდი ხანია იკვლევს თითოეული შტოს გენეალოგიას და ბაგრატოვანთა დინასტიის, როგორც კულტურულ-ისტორიული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის დამკვიდრებას ცდილობს.
ამის შესახებ ბაგრატოვანთა დინასტიის შესახებ ახალი წიგნის პრეზენტაციაზე ისაუბრეს, რომელიც 6 წლის განმავლობაში იქმნებოდა და კულტურის სამინისტროს დახმარებით, მცირე ტირაჟით დაიბეჭდა. რამდენიმე დღის განმავლობაში ლეონიძის სახელობის ლიტერატურის მუზეუმში გამოფენილი იყო უნიკალური მასალა, სწორედ ბაგრატოვანთა დინასტიის ყველა შტოს გენეალოგიური რუკებისა და ისტორიული ფოტოების სახით. აქვე გაიმართა ახალი წიგნის „ბაგრატიონები-სამეფო დინასტია“ პრეზენტაციაც.
 აღნიშნული ღონისძიება სამეფო სახლის აწ გარდაცვლილი წინამძღოლის, ცნობილი პოეტისა და საზოგადო მოღვაწის, უამრავი ცნობილი ქართული სიმღერის ტექსტის ავტორის, პეტრე ბაგრატიონ-გრუზინსკის დაბადების დღეს მიეძღვნა. სხვადასხვა ფენის წარმომადგენლები, ძირითადად, მეცნიერები, თავიანთ პოზიციას გამოხატავდნენ საქართველოს ისტორიისათვის ამ მნიშვნელოვანი დინასტიის აწმყოსა და მომავლის შესახებ.
გიორგი შარაშენიძე, გენერალ-მაიორი: „ეს წიგნი უფრო ახალგაზრდობისთვისაა საჭირო და აუცილებელი. ჩემი ასაკის და ცოტა უფროსი თაობის ადამიანებმა კარგად ვიცით საქართველოს ისტორია. ამდენად დღევანდელ სიტუაციაში, ეს წიგნი აუცილებელია ჩვენი მომავალი თაობისთვის, რომ არანაირმა აგიტაციამ ხელი არ შეუშალოს მათ თავიანთი მომავლის განსაზღვრაში და საღი აზრის ჩამოყალიბებაში.
კახა ქორიძე, სამეფო სახლის კანცლერი, წიგნის ერთ-ერთი ავტორი: „ლიტერატურის მუზეუმში რამდენიმე დღით განთავსდა ბაგრატოვანთა გვარის ყველა შტოს გენეალოგიური რუქები. ეს ახალი წიგნიც ამ მუზეუმის თანამშრომლობის მონაწილეობით გამოიცა. ამ უდიდეს დინასტიას ას ორმოცდაათამდე მემკვიდრე ჰყავს. ამ რუქებზე თითოეული მათგანია აღნიშნული. ხოლო ფოტოებზე მათი დიდი წინაპრები. თუმცა, ყველა მათგანი ტახტის მემკვიდრე ვერ იქნება, ამას თავისი წესები აქვს. სწორედ ამ წესებზე დაყრდნიბით გაირკვა სამეფო სახლის წინამძღოლის ვინაობაც. სასიხარულოა, რომ ბაგრატოვანთა ტახტის მემკვიდრედ, ყველამ ერთხმად ბატონიშვილი ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკი აღიარა. ყველაფერ ამას გაეცნობით წიგნში „ბაგრატიონები- სამეფო ტახტის მემკვიდრე“. პრეზენტაციაზე მთავრობის და პარლამენტის წევრები დავპატიჟეთ. მაგრამ მხოლოდ ძველი მთვრობის და ძველი პარლამენტის წარომადგენლები მოვიდნენ“.
ვალერი ასათიანი, პროფესორი, ყოფილი კულტურის მინისტრი: „ამ წიგნის გამოცემა ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა, ამას გადაჭარბების გარეშე ვამბობ, რადგან ლაპარაკია ფესვებზე და ერის ოდინდელ ბრწყინვალებაზე, იმ სულიერ სიმაღლეებზე, რომელიც დღეს  გაუცნობიერებელია. სამწუხაროდ, ამ თავისუფალი სივრცის პირობებში, ეს ღირებულებები უკვე ნაკლებად აქტუალურია. თუ ეს გარღვევა არ მოხდა დღეს სატელევიზიო სივრცეში, ახალგაზრდებში და თუ ეს ღირებულებები არ დამკვიდრდა, ერი გადაგვარების გზაზე დგას! ერი კი არა, თანამედროვეობა საერთოდ. ამიტომ წინ ჩვენი ფესვებისაკენ! შეიძლება ასეც ვთქვათ, წინ მაღალი ღირებულებებისაკენ!
რა საკვირველია, ბაგრატიონების თემა მხოლოდ ქართული ასპექტით არ შემოიფარგლება და ამას ძალიან დიდი ისტორია აქვს. მაგრამ ჩვენი მიმართება ამ ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებთან ძალიან თვალსაჩინოა და რატომ არ უნდა გადავცეთ მომავალ თაობებს?!.“
რაფიელ ჩიქოვანი, აკადემიკოსი: „ შეიძლება ბევრმა იცის, რომ ბიზნესმენ გია ჯოხთაბერიძის დახმარებით,  ჩვენ 2003 წელს წიგნი გამოვუშვით „ბაგრატიონების სამეცნიერო და კულტურული მემკვიდრეობა“. ამდენად,  ფუნდამენტალურად შევისწავლეთ ეს საკითხი და აღმოვაჩინეთ, რომ არც ერთი ქვეყნის სამეფო დინასტიას არ ჰყოლია ამდენი მეცნიერი, როგორც ბაგრატიონების საგვარეულოს ჰყავდა. მარტო პეტრე ბაგრატიონის გახსენება რად ღირს, რომელმაც ოქროს მიღების წესი აღმოაჩინა და განავითარა. ამდენად, დიდი გვარია და ჩვენი ქვეყნისთვის საამაყო.
გუჩა კვარაცხელია, აკადემიკოსი, განათლების ყოფილი მინისტრი: „ძალიან გემოვნებიანი წიგნია და დიდი შრომაა ჩადებული. საშური საქმეა, რომ ფართო საზოგადოებამ იცოდეს, რა ფენომენია ბაგრატოვანთა გვარი და დინასტია. ეს გუშინ და გუშნწინ შექმნილი ხომ არ არის?!. ასეთი ფენომენი მსოფლიოში თითზე ჩამოსათვლელია. საქართველოსთვის ბაგრატოვანთა გვარი ისეთივე კულტურულ-ისტორიული ფენომენია, როგორც სვეტიცხოველი, ან ჯვრის მონასტერი. უფრო მეტიც, რადგან სვეტიცხოველი და ჯვარი, სწორედ, ამ დინასტიის ხელში იქმნებოდა. ამიტომა აქვს ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა. წიგნში არაჩვეულებრივი გენეალოგიური რუკებია შესული ამ გვარის დინასტიის სხვადასხვა შტოს შესახებ. ჩვენ მოვალენი ვიყავით, რომ ასეთი წიგნით გაგვეცოცხლებინა ეს ისტორია. არ შეიძლებოდა, უკვალოდ გამქრალიყო ის დიდებულება, რაც ახლდა ამ სახელოვან გვარს, ასევე მათი ღვაწლი და თავდადება ქართველი ერის წინაშე.“
შალვა ოგბაიძე, თბილისის საკრებულოს წევრი, მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორი: „მე იმ გვარის და კუთხის წარმომადგენელი ვარ, ბატონი რომ არ ჰყოლია. მაგრამ მეფეს დიდ პატივს სცემდა. ამდენად, ჩემთვის დიდი პატივია, რომ დღესაც ვრჩები მეფის ტახტის მცველად და მე, როგორც ერთი რიგითი გადასახადის გადამხდელი, სიამოვნებით შევინახავდი მეფის ინსტიტუტს საქართველოში, რომელიც იქნებოდა უმაღლესი არბიტრი ამ არეულ პერიოდში, არც ერთი პარტიის არმიკუთვნებული, დამბალანსებელი, ქართული ჯიშის და გენის მატარებელი ადამიანი.
ნატვრას კაცი არ მოუკლავს და  ვინატრებდი, შევესწროთ ისეთ საქართველოს, რომელსაც ეყოლება ზნეკეთილი, დიდი ტრადიციების მქონე მეფე, ქვეყანა რომ მრავალქარტეხილს გამოატარა და გაადაარჩინა.“
ბატონიშვილი ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკი, ტახტის მემკვიდრე, რეჟისორი: „ ამ წიგნის გამოცემა ძალიან დიდი დაფასებაა ბაგრატიონების გვარისათვის და განსაკუთრებით ჩვენთვის, ბაგრატიონ-გრუზინსკის გვარისათვის. ამაში დიდი შრომა ჩადეს წიგნის ავტორებმა და გამომცემლებმა. ამდენად, ჩვენი ოჯახი დიდ მადლობას უხდის მათ“. 
როგორც სამეფო სახლის კანცლერმა, კახა ქორიძემ მითხრა, ამ წიგნის დამსახურება ისიცაა, რომ ყველა შეკითხვას პასუხი გაეცა და ბაგრატოვანთა ტახტის მემკვიდრის ვინაობაც საბოლოოდ გაცხადდა. ამასთან, ყველანაირ კინკლაობას საბოლოოდ დაუსვა წერტილი. საყოველთაო მხარდაჭერით და შესაბამისი წესების დაცვით, ეს ტიტული წილად ხვდა პეტრე ბაგრატიონ-გრუზინსის ვაჟს, რეჟისორ ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკის, რომლის ოჯახი სანიმუშოა თავისი წარსულით, ასევე, ზნეკეთილი და თავმდაბლური თვისებებით.
რას ისახავს მიზნად ბაგრატოვანთა სამეფო სახლი სამომავლოდ და როგორ წარმოუდგენია დინასტიის მომავალი, ამის შესახებ კახა ქორიძის ინტერვიუდან შეიტყიბთ, რომელსაც ცალკე შემოგთავაზებთ.  


ყველა ახალი ამბავი
0