ანასტასია ხატიაშვილი, Sputnik
მიუხედავად იმისა, რომ ქართული პუბლიკა საკმაოდ განებივრებულია რუსეთის ხელოვნების გამოჩენილ მოღვაწეთა შემოქმედებით, საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე გეტყვით: ყოველ ჯერზე — თითქოს პირველად ვხედავ!
ასე მოხდა ბორის ეიფმანის სანკტ-პეტერბურგის ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის წარმოდგენაზეც. საქართველოში ეს თეატრი არც ისე იშვიათი სტუმარია. 2007 წელს მათ თბილისში ჩამოიტანეს დადგმები „რექვიემი“ და „მუსაგეტი“, ხოლო 2013 წელს — „ცოდვის მეორე მხარეს“ - დოსტოევსკის რომანის „ძმები კარამაზოვების“ მიხედვით. ასევე რამდენჯერმე იყვნენ საქართველოში საბჭოთა პერიოდში.
„ჩამოსვლა ისეთ მაყურებალთან, რომელიც ასეთი სიხარულითა და სითბოთი ხვდება ჩვენს ხელოვნებას და აფასებს მას, რა თქმა უნდა სიხარულს გვანიჭებს“, —გვითხრა თავად ბორის ეიფმანმა.
„თბილისში ძალიან თბილი და სტუმართმოყვარე ხალხი ცხოვრობს“, — აღნიშნა მან.
თუმცა ერთია ჩამოხვიდე და მეორეა ქართულ სცენაზე ჩამოიტანო შენი ერთ-ერთი საუკეთესო ნამუშევარი, შესრულების ტექნიკით განუმეორებელი დრამატული წარმოდგენა — „ანა კარენინა“.
თბილისის სცენაზე პეტერბურგელთა დასის პირველივე მოძრაობებიდან ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, თითქოს სცენაზე მოცეკვავეები კი არა ადამიანის მსგავსი ულამაზესი, დახვეწილი ფრინველები დაფრინავდნენ. სხეულთა ფრენისაგან მიღებული ემოციები იმდენად მძაფრი იყო, რომ იფიქრებდი ამ მსახიობთა შესაძლებლობებს ზღვარი არ აქვს. რაც მთავარია არც ერთი გაუაზრებელი მოქმედება, ჟესტი…
სურვილსა და მოვალეობას შორის მებრძოლი სპექტაკლ „ანა კარენინას“ მთავარი გმირი — მარია აბაშოვა, სრულიად შეუდარებელია. განსაკუთრებით მაშინ, როცა ჩემი აზრით ანა კარენინას ყველაზე დრამატულ სცენას — სიგიჟეს განასახიერებდა. მისი გაშლილი თმები და სიშიშვლე — როგორც ცოდვის სიმბოლო — განსაკუთრებულ მარილს მატებს დადგმას.
როგორც არა ერთხელ აღნიშნა თავად ეიფმანმა, მისთვის ანა მაქციასავითაა, რადგან მასში ორი ადამიანი ცხოვრობს: გარეგნულად მაღალი წრის ქალბატონი, რომელსაც იცნობდნენ კარენინი, ვაჟი და გარშემომყოფნი და შინაგანად — სრულიად სხვა ქალი, რომელიც ჩაძირულია თავისი ვნების მორევში. ამიტომ კარენინას სიგიჟის მომენტი სცენაზე — ძალიან გავს საშინელ სიზმარს, რომელიც შეიძლება ნახოთ კუბრიკის ფსიქოდრამის “ფართოდ დახუჭული თვალების“ ხილვის შემდეგ. გარდასახვის არარეალური ოსტატობა და მყიფე ზღვარის შეგრძნება, სარკესავით აირეკლებოდა როგორც ანას როლის შემსრულებელში ისე დასის სხვა მოცეკვავეებში.
სპექტაკლის ფინალი კი — ეს დამოუკიდებელი შედევრია. ქართული პუბლიკა განსაკუთრებით ელოდებოდა კვანძის გახსნას: რაღა უნდა იყოს ახალი ძველ კარგად ნაცნობ კლასიკურ ნაწარმოებში?
მაგრამ ეიფმანის ბალეტის თეატრმა შეძლო! ეს იყო შავებში ჩაცმულ მამაკაც მოცეკვავეთა ძალიან მისტიური, მომნუსხველი მოძრაობა, საბედისწერო, უმოწყალო მუსიკით, მატარებლის ხმებით, რომელმაც საბოლოო წერტილი დასვა… და კარენინას ცეკვა, უკანასკნელი ცეკვა ქალისა, რომელსაც მხოლოდ სიყვარული უნდოდა… შემდეგ ჩირაღდნები, თითქოს შორეული კაბარედან, ათეულობით ჩირაღდანი სცენასა და გულში და გაფრენა უსასრულობაში…
ფინალი, ფარდა და ოვაციები, ბრავო და ყვავილები. თბილისური პუბლიკა დიდხანს არ უშვებდა სანკტ-პეტერბურგრლ მსახიობებს, განსაკუთრებით კი მის რეჟისორს, რომელმაც ეს საოცარი ჯადოქრობა ქართულ სცენაზე აჩვენა.
„ანა კარენინა“ — ჩვენი ერთ-ერთი წარმატებული სპექტაკლია. ჩვენ ის ჩავიტანეთ ევროპაში, აზიაში, ამერიკასა და ავსტრალიაში. რა თქმა უნდა ძალიან გვიხარია, რომ მივიღეთ შესაძლებლობა გვეჩვენებინა ეს სპექტაკლი თბილისშიც. უფრო მეტიც — ჩვენ ცამოვედით განახლებულ, რესტავრირებულ, შესანიშნავ თეატრში. ჩვენ აქ სპექტაკლი გვქონდა 2007 წელს, როცა თეატრი ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო. და ეხლა როცა ჩამოვედით დაგვხვდა საოცრად გარდასახული, ახალი თეატრი, სადაც მუშაობა რა თქმა უნდა ძალიან სასიამოვნოა“, — გვითხრა პიტერის თეატრის დამაარსებელმა.
დიდი ოვაციებითა და გულწრფელობით მიულოცა წარმატება თავის კოლეგასა და მეგობარს ქართული ბალეტის პრიმამ ნინო ანანიაშვილმა. როგორც თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა განაცხადა, ქართველი მაყურებლების ოვაციები — ეიფმანის შემოქმედების შეფასებაა.
„ეიფმანის ფენომენი იმაშია, რომ მან თავისი ლექსიკა შექმნა, თავისი თეატრი. ეს კი არც ისე ადვილია — იპოვო თანამედროვე მსოფლიოში სენი თეატრი, სენი ლექსიკა და სექმნა სენი რეპერტუარი, ისეთი როგორიც არავის აქვს. ოს განსხვავებულია, ცნობადი. და ის, რომ მას დღეს ასეთი წარმატება აქვს, ერთ წელში კი არ მიუღწევია, არამედ წლების მანძილზე დაუღალავი შრომით მიაღწია და ეს მშვენიერია“, — თქვა ნინო ანანიაშვილმა.
ეიფმანის შედევრის ნახვა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში კიდევ ერთხელ შესაძლებელია 16 აპრილს და ამერიკული პრესის თქმით „გრძნობების ძალისა და დახვეწილი რუსული ტექნიკის ასეთი ნაზავის“ გამოტოვება — რეკომენდირებული არ არის.