იმედია, რომ მზეს წინასწარ შეატყობინეს რომ დღეს განსაკუთრებით უნდა მოგვხედოს, გველოლიავოს და გაგვათბოს… რადგანაც ზუსტად ამ დღეს, 1889 წლის, 16 აპრილს ქალაქ ლონდონში დაიბადა ადამიანი, ვინც ქალბატონ მზეს, მის გალაქტიკურ-ორბიტალურ ცხოვრებაში, ალბათ ყველაზე ლამაზი ქათინაური ესროლა! ამ ადამიანმა თქვა: „მზე არის ყველაზე დიდი ბრილიანტი და რამხელა ბედნიერებაა, რომ ის ყველასთვის ბრწყინავს!“ და ეს ადამიანი გახლდათ საოცარი ჩარლი ჩაპლინი…
ისე კი, მე ვიტყოდი, რომ ჩარლი ჩაპლინი თავად მზეს გავდა, რადგანაც კაცობრიობისთვის ერთ ერთ ყველაზე რთულ და საკმაოდ ხანგრძლივ პერიოდში, როდესაც ერთმანეთს ცვლიდნენ ომები და კულტები, ირგვლივ კი დეპრესია და სრული უიმედობა იყო გამეფებული, ის დაუღალავად ჩუქნიდა ადამიანებს სითბოს, ღიმილს, სიკეთეს და რაც მთავარია, იმის რწმენას, რომ ძალიან პატარა და სუსტი, სასაცილო და უსუსური მაწანწალაც კი შეიძლება იყოს ბედნიერი და გამარჯვებული, თუ მზის პატარა სხივს მაინც დაატარებს გულის ჯიბეში.
თავად ჩარლი ასე იგონებს იმ დღეს და იმ მომენტს, როდესაც მან შექმნა მისი ყველაზე ძლიერი და გენიალური სახე — პატარა მაწანწალა. „მინდოდა ყველაფერი ურთიერთსაწინააღმდეგო შემეკოწიწებინა ერთად. ამოვიცვი განიერი შარვალი და ვიწრო ჟილეტი. ძლივს ჩამოვიფხატე თავზე ქუდი და შევცურდი უზარმაზარ ფეხსაცმელებში…მივიწეპე წვრილი ულვაშები და ის ისაა დავფიქრდი იმაზე, თუ რა ხასიათი უნდა ჰქონოდა გმირს, რომ ის დაუკითხავად და თავისით დაიბადა…“
მაწანწალას სახე იმდენად ძლიერი იყო, რომ მან მოახდინა გავლენა მაიაკოვსკის იმ დროინდელ პოეზიაზე, აისახა მარკ შაგალისა და ფერნან ლეჟეს ტილოებზე… შაგალი თვლიდა, რომ ჩაპლინი იმ დროინდელი ეპოქის კულტურის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევა იყო, ხოლო ბერნარდ შოუს შეფასებით, ჩარლი ჩაპლინი იყო ერთდაერთი გენიალური მოვლენა მთელ კინემატოგრაფიაში.
ერთხელ ალბერტ ეინშტეინმა ჩარლი ჩაპლინს გაუგზავნა წერილი, რომელშიც წერდა: „თქვენი ფილმი „ოქროს ციებ-ცხელება“ გასაგებია მთელი მსოფლიოსათვის და თქვენ აუცილებლად გახდებით სახელგანთქმული ადამიანი…“ რაზეც ჩარლი ჩაპლინმა უპასუხა: „მე კი გაცილებით მეტად ვარ აღფრთოვანებული თქვენით, რადგანაც თქვენი ფარდობითობის თეორია მთელ მსოფლიოში ვერავინ ვერ გაიგო და თქვენ მაინც სახელგანთქმული ადამიანი გახდით…“
რა ძნელი წარმოსადგენია დღეს მსოფლიო ჩარლი ჩაპლინის გარეშე… არა და ერთი პატარა, მაგრამ საბედისწერო შემთხვევა რომ არა, ვინ იცის, რა იქნებოდა….
ერთ საღამოს, დედამისმა, ვარიეტეს მსახიობმა, სპექტაკლის დასაწყისში ხმა დაკარგა და იძულებული გახდა, სამსახურიდან დათხოვნის შიშით, სცენაზე თავის მაგივრად 5 წლის ჩარლი აეშვა, რომელმაც მთელი მისი რეპერტუარი ზეპირად იცოდა… ნომრის სიუჟეტი ასეთი გახლდათ — ჩარლის უნდა ემღერა და მაყურებელი კი მას დარბაზიდან ხურდებს ესროდა, რომლებიც მას, სიმღერის დასრულების შემდეგ, უნდა შეეგროვებინა და მადლობა გადაეხადა. პატარა ჩარლიმ ამდენი ფული რომ დაინახა, შეწყვიტა სიმღერა და დაიწყო მონეტების აკრეფა, ბოლომდე რომ შეაგროვა, დაბრუნდა ზუსტად იმ ადგილზე და ზუსტად შეწყვეტილი კუპლეტიდან გააგრძელა ნიმერი… დარბაზში მისმა საქციელმა ისეთი სიცილი და ოვაციები გამოიწვია, რომ შემდგომ სპექტაკლებში, დედამისს მთლად მარია კალასის ხმა რომ გაჩენოდა, მაყურებელს მისი დანახვაც აღარ უნდოდა, ყველა ითხოვდა ჩარლის გამოსვლას…ასე დაიწყო პატარა ჩარლის ძალიან დიდი და ლამაზი შემოქმედებითი გზა…
ჩარლი ჩაპლინი საკმაოდ თავისებური და არაერთგვაროვანი პიროვნება იყო. მას ერთხანს კომუნისტური იდეების პროპაგანდასაც კი აბრალებდნენ, შემდეგ ემუქრებოდნენ ჰიტლერზე პაროდიული ფილმის „დიდი დიქტატორის“ გადაღების დროს, მაგრამ მას ჰქონდა თავისი პრინციპები ხელოვნებაშიც და ცხოვრებაშიც, რომლებსაც არასდროს არ ღალატობდა…სხვათა შორის, ამბობენ, რომ ჰიტლერმა ფილმი ნახა და ჩარლი ჩაპლინი პირად მტრად გამოაცხადა…
მანდილოსნებს ჩარლის ცხოვრებაში ყოველთვის განსაკუთრებული ადგილი ეკავათ. ისინი მას ყოველთვის თავს ეხვეოდნენ და ერთხელ მან თავისი ისტორიული ფრაზა წარმოთქვა “საწყენია, რომ მუნჯი კინემატოგრაფის ერა დასრულდა, რამხელა სიამოვნება იყო, ქალი პირს რომ აღებდა და ხმა კი არ ისმოდა…“ ჩარლის ყავდა 4 ოფიციალური მეუღლე და 11 შვილი, მეოთხე მეუღლე უნა ონილი მასზე იყო მთელი 36 წლით უმცროსი (ჩარლი იყო 54, უნა კი 18 წლის)… სანამ შეიცოდებდეთ „საბრალო უნას“, მინდა გაცნობოთ, რომ სულ ტყუილად, რადგანაც ის თავს უბედნიერეს ქალად თვლიდა და ჩარლის 8 შვილი გაუჩინა (3 ვაჟი და 5 გოგო), ჩარლი ჩაპლინი კი მამა ბოლოს 72 წლის ასაკში გახდა…
ერთხელ ჩარლიმ თქვა —“ცხოვრება ტრაგედიაა, ახლოდან თუ შეხედე და კომედიაა, შორიდან რომ დააკვირდე“…
ისე რომ დაფიქრდე…მართლაც ასეა, ბევრი რამეა ადამიანზე და მის განწყობაზე დამოკიდებული…
ბედნიერ და წარმატებულ დღეს გისურვებთ!
ლელა ანჯაფარიძე