– ბატონო ზაალ, მთიანი ყარაბაღის ერთკვირიანი კონფლიქტი ისევე უეცრად ჩაქრა, როგორც დაიწყო.
– მთიან ყარაბაღში მომხდარის ფესვები ახლო აღმოსავლეთში რუსეთ-თურქეთის კონფლიქტში უნდა ვეძებოთ. ეს ერთგვარი კბილის მოსინჯვა იყო. ორივე მხარეს ძლიერი პარტნიორები ჰყავს. აზერბაიჯანს თურქეთის გარდა მხარს უჭერს ირანი და პაკისტანი, სომხეთის სტრატეგიული პარტნიორი კი, მოგეხსენებათ, რუსეთია.
არავინ ელოდა აზერბაიჯანელების ასეთ მძლავრ შეტევას, რომ არა რუსეთის ფაქტორი, რამდენიმე დღეში სომხური არმიისგან აღარაფერი დარჩებოდა.
– ცნობილია, რომ რუსეთი ორივე მხარეს ამარაგებს იარაღით და ამ შემთხვევაში მედიატორის როლიც ითამაშა.
– რუსეთმა სწორი პოლიტიკა აირჩია. აქაც და ახლო აღმოსავლეთშიც. სირიიდან ჯარი რომ არ გამოეყვანათ, იქ მეორე ავღანეთი გაჩაღდებოდა, ძალიან ღრმად ჩაეფლობოდა და ელემენტალურად რესურსი არ ეყოფოდა, ამიტომ ჯარის გამოყვანა სწორი ნაბიჯი იყო. იგივე ვითარებაა ყარაბაღშიც. არავის, მათ შორის რუსეთსაც, არ აწყობს იქ ფართომასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებები, რომელიც, სავარაუდოდ, მთელ კავკასიას მოიცავდა და სავალალო შედეგამდე მივიდოდა. ასეთ ომში გამარჯვებულები არ არსებობენ.
– ახლო აღმოსავლეთი ახსენეთ. არის მოსაზრება, რომ საჰაერო დაბომბვებმა და სანავთობო ტრასის გადაკეტვამ ხალიფატის ფინანსური მდგომარეობა შეარყია, რადგან მოხალისეთა რიცხვმა საგრძნობლად იკლო.
– ამ მოსაზრებას ვერ დავეთანხმები. ხალიფატს ფინანსებს რა გამოულევს! არაოფიციალურად ყველა მაჰმადიანური სახელმწიფო (შიიტურიც და სუნიტურიც) ერთგვარ ხარკს იხდის და ეს თანხები, დამერწმუნეთ, არც ისე მცირეა, რომ ხალიფატის ლიდერების გაჭირვებაზე ვისაუბროთ. უბრალოდ, ახლა იქ ძალთა გადაჯგუფება მიდის. ეს ომი არ არის ერთი და ორკვირიანი; ამ ცეცხლის ჩაქრობა ძალიან გაჭიანურდება და ურთულესი საქმე იქნება ისეთი ზემძლავრი სახელმწიფოებისთვისაც კი, როგორიც აშშ და რუსეთია.
– რამდენად სწორი პოზიცია უკავია საქართველოს ხელისუფლებას ამ ორ კონფლიქტში?
– საქართველოს ხელისუფლება აკეთებს ფრთხილ და მოზომილ განცხადებებს. ეს სწორია, რადგან სომხეთიც და აზერბაიჯანიც ჩვენი მეზობლები და პარტნიორები არიან, ხალიფატთან მიმართებაში კი რაც უფრო ნაკლებ განცხადებებს გავაკეთებთ, მით უკეთესია. ერთი ასეთი აღმოსავლური ანდაზაა: იმისთვის, რომ სწორი მიმართულებით იარო, ჯერ გზა უნდა აგებნეს. ჩვენ ერთხელ უკვე აგვებნა გზა და ქვეყნის ტერიტორიის 20% დავკარგეთ, ახლა ამის უფლება აღარ გვაქვს და ამიტომაც საჭიროა სწორი მიმართულებით სიარული.
თამაზ ჩიქვანაია