თბილისი, 15 апр – Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ არასამთავრობო და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებს ახალი პროექტი გააცნო, რომელიც ოჯახური ძალადობის წინააღმდეგაა მიმართული.
საქართველოში ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე გახშირებული მკვლელობების ფონზე 2014 წელს კანონი გამკაცრდა. ამ პერიოდიდან ოჯახური ძალადობა ამა თუ იმ საქმის განხილვისას დამამძიმებელ გარემოებას წარმოადგენს.
შსს-ს ახალი პროექტი ოჯახური ძალადობის მიმართულებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას, სამართალდამცველი ორგანოების თანამშრომელთა მაღალკვალიფიციურობასა და არასამთავრობო და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ერთად კოორდინირებულ მუშაობას ითვალისწინებს.
პროექტის ერთ-ერთი კომპონენტი ადრეული ქორწინების პრევენციაა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საქართველოს მთავარი პროკურატურის მონაცემებით, 2014 წელს საქართველოში 35 ქალი იქნა მოკლული, აქედან 19 ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე. ერთი წლის შემდეგ აღნიშნული მაჩვენებელი ორჯერ შემცირდა. 2015 წელს 18 ქალი გახდა ძალადობის მსხვერპლი, აქედან ოჯახურ კონფლიქტს რვა შემთხვევა უკავშირდება.