თბილისი, 15 აპრილი — Sputnik. ქიმიაში საერთაშორისო ოლიმპიადა პირველად ჩატარდება საქართველოში, რომელიც 23 ივლისს დაიწყება და 1 აგვისტომდე გასტანს, განაცხადა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ ბრიფინგზე.
ოლიმპიადაში მონაწილეობის მისაღებად უკვე დარეგისტრირდა 84 ქვეყანა. სულ საქართველოში 100 ქვეყნის 800-მდე წარმომადგენელს ელოდებიან.
„ვფიქრობ, ეს ღონისძიება ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჩვენთვის, განათლების სისტემისა და სკოლებისთვის, არამედ, ზოგადად, საქართველოსთვის“, — განაცხადა სანიკიძემ.
საქართველო ქიმიის საერთაშორისო ოლიმპიადაში ბოლო რამდენიმე წელია მონაწილეობს.
„ოლიმპიადის არსებობის ისტორიაში ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა, როდესაც საქართველო მასპინძლობს ასეთი დონის ღონისძიებას. მსგავსი შესაძლებლობა არა მარტო საქართველოს, თითოეულ ქვეყანას ათეულობით წლების განმავლობაში ერთხელ ეძლევა“, — აღნიშნულია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.