თბილისი, 15 აპრილი — Sputnik. სანქტ-პეტერბურგის ბორის ეიფმანის ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრი ქართველ მაყურებელს 15 და 16 აპრილს „ანა კარენინას“ წარუდგენს, აღნიშნულია ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
„ამ სპექტაკლში ბორის ეიფმანი ქმნის სცენური ფსიქოანალიზის შესანიშნავ სახეს და „ძირითადი ინსტიქტით“ შეპყრობილი ქალის შინაგანი გარდაქმნის ტრაგიკულ ქრონიკას წარმოგვიდგენს“, — აღნიშნულია განცხადებაში.
„ანა კარენინა“ უკვე ათი წელია, უცვლელი წარმატებით მოგზაურობს რუსეთის, აშშ-ის, ავსტრალიისა და ევროპის მრავალი ქვეყნის საუკეთესო სცენებზე.
ბორის ეიფმანის საბალეტო თეატრი საქართველოში პირველად არ მართავს გასტროლებს. 2007 წელს მან თბილისში ჩამოიტანა დადგმები „რეკვიემი“ და „მუსაგეტი“, ხოლო 2013 წელს — დოსტოევსკის „ძმები კარამაზოვების“ რომანის მიხედვით ბალეტი „ცოდვის მეორე მხარეს“.
სანქტ-პეტერბურგის ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრი ბორის ეიფმანმა 1977 წელს დააარსა (დასის თავდაპირველი დასახელება იყო ლენინგრადის „ახალი ბალეტი“). დასის კონცეფცია საკმაოდ თამამი იყო – ის იქმნებოდა როგორც საავტორო, რეჟისორის თეატრი, ერთი ქორეოგრაფის ექსპერიმენტული ლაბორატორია.
ეიფმანის შემოქმედება 40-ზე მეტ დადგმას ითვლის.
ამჟამად ბორის ეიფმანის თეატრი ცნობილია საცეკვაო ხელოვნების მოყვარულთათვის ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში, ევროპაში, აზიაში, ავსტრალიაში თავისი სპექტაკლებით: „ჩაიკოვსკი“, „მე დონ კიხოტი ვარ“, „წითელი ჟიზელი“, „რუსი ჰამლეტი“, „ანა კარენინა“, „თოლია“, „ონეგინი“, „როდენი“, „ცოდვის მეორე მხარეს“, „რეკვიემი“.
ეს ნამუშევრები, რომლებმაც საყოველთაო აღიარება მოიპოვეს, არა მარტო უმაღლეს მხატვრულ დონეზე წარმოადგენს თანამედროვე რუსული ბალეტის მიღწევებს, არამედ აუდიტორიას რუსული და მსოფლიო კულტურის სულიერ მემკვიდრეობას აზიარებს.