თბილისი, 25 მარტი — Sputnik. სანქტ-პეტერბურგის ბორის ეიფმანის ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრი ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე გამოვა, აცნობეს Sputnik-ს თეატრში.
ქართველი მაყურებელი 15 და 16 აპრილს იხილავს რუსული თეატრის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ წარმოდგენას „ანა კარენინას“ (ლევ ტოლსტოის რომანის მიხედვით, პეტრე ჩაიკოვსკის მუსიკა), სპექტაკლი 20:00 საათზე დაიწყება.
„ბორის ეიფმანის ბალეტი „ანა კარენინა“ სავსეა შინაგანი ფსიქოლოგიური ენერგიით და ზუსტ ემოციურ ზემოქმედებას ახდენს. ქორეოგრაფმა ლევ ტოლსტოის რომანის მეორეხარისხოვან ხაზებს გვერდი აუარა და ყურადღება გაამახვილა სასიყვარულო სამკუთხედზე — ანა–კარენინი–ვრონსკი“, — აღნიშნულია ეიფმანის თეატრის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.
„ანა კარენინა“ უკვე ათი წელია, უცვლელი წარმატებით მოგზაურობს რუსეთის, აშშ-ის, ავსტრალიისა და ევროპის მრავალი ქვეყნის საუკეთესო სცენებზე.
სპექტაკლს მიღებული აქვს თეატრალური პრემიები „ოქროს ნიღაბი“ და „ოქროს სოფიტი“.
ბორის ეიფმანის ბალეტის თეატრი საქართველოში პირველად არ მართავს გასტროლებს. 2007 წელს მან თბილისში ჩამოიტანა დადგმები „რეკვიემი“ და „მუსაგეტი“, ხოლო 2013 წელს — დოსტოევსკის „ძმები კარამაზოვების“ რომანის მიხედვით ბალეტი „ცოდვის მეორე მხარეს“.
სანქტ-პეტერბურგის ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრი ბორის ეიფმანმა 1977 წელს დააარსა (დასის თავდაპირველი დასახელება იყო ლენინგრადის „ახალი ბალეტი“). დასის კონცეფცია საკმაოდ თამამი იყო: ის იქმნებოდა, როგორც საავტორო, რეჟისორის თეატრი, ერთი ქორეოგრაფის ექსპერიმენტული ლაბორატორია.
ამჟამად ბორის ეიფმანის თეატრი ცნობილია საცეკვაო ხელოვნების მოყვარულთათვის ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში, ევროპაში, აზიაში, ავსტრალიაში თავისი სპექტაკლებით: „ჩაიკოვსკი“, „მე დონ კიხოტი ვარ“, „წითელი ჟიზელი“, „რუსი ჰამლეტი“, „ანა კარენინა“, „თოლია“, „ონეგინი“, „როდენი“, „ცოდვის მეორე მხარეს“, „რეკვიემი“.
ეს ნამუშევრები, რომლებმაც საყოველთაო აღიარება მოიპოვეს, არა მარტო უმაღლეს მხატვრულ დონეზე წარმოადგენენ თანამედროვე რუსული ბალეტის მიღწევებს, არამედ აუდიტორიას რუსული და მსოფლიო კულტურის სულიერ მემკვიდრეობას აზიარებენ.