საქართველოში ქართული ენის დღეს აღნიშნავენ

გამოწერა
თანამედროვე ქართულ ენაში 17 დიალექტია, ქართულ ენაზე მსოფლიოში 4 მილიონზე მეტი ადამიანი ლაპარაკობს.

თბილისი, 14 აპრილი — Sputnik. 1990 წლიდან საქართველოში 14 აპრილს ქართული ენის დღეს აღნიშნავენ. ამასთან დაკავშირებით ქვეყანაში სხვადასხვა ღონისძიებებია დაგეგმილი.
ერთ-ერთი ასეთი ღონისძიება იქნება ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში გამოფენა „გზად „დედა ენისკენ“, რომელიც იაკობ გოგებაშვილის „დედა ენის“ პირველი გამოცემიდან 140 წლის შესრულებას ეძღვნება.
ქართული ენა სახელმწიფო ენაა და მასზე მსოფლიოში 4 მილიონზე მეტი ადამიანი ლაპარაკობს.
თანამედროვე ქართულ ენაში 17 დიალექტია, მათ შორის ქართლური, კახური (ეს დიალექტები ლიტერატურული ენის საფუძველია), იმერული, რაჭული, ლეჩხუმური, გურული, ჯავახური, მესხური, აჭარული (ქვეყნის ისტორიული კუთხეების შესაბამისად).
განსაკუთრებით გამოიყოფა აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის დიალექტი — ხევსურული, მოხევური, მთიულ-გუდამაყრული, თუშური და ფშავური. ასევე სამი დიალექტი ქვეყნის გარეთ — ინგილოური (აზერბაიჯანი), ფერეიდნული (ირანი), იმერხევური (თურქეთი).

სანკტ-პეტერბურგი - Sputnik საქართველო
სანკტ-პეტერბურგში ქართული ენის დღეს აღნიშნავენ

ქართული ენა უძველესი დროიდან იყო კავკასიის ძირძველი მოსახლეობის — აღმოსავლეთში იბერთა და დასავლეთში კოლხთა ენა. მას უწყვეტი დამწერლობითი და ლიტერატურული ტრადიცია აქვს, რომელიც ქრისტიანობის მიღების შემდეგ ჩამოყალიბდა.
ქართულ ენაში 5 ხმოვანი და 28 თანხმოვანი ფონემაა.
თანამედროვე ქართული ალფავიტი 33 ასოსგან შედგება, იგი შეიქმნა არაუგვიანეს მეხუთე საუკუნისა არამეული და ბერძნული დამწერლობის გავლენით. ადრეული საუკუნეებიდან გამოიყენებოდა ძველქართული მრგვლოვანი დამწერლობა. IX საუკუნიდან — ნუსხური (ხუცური), ხოლო XI საუკუნიდან მხედრული.
ქართულ ენაზე პირველი ნაწარმოებია „შუშანიკის წამება“, რომლის ავტორია იაკობ ცურტაველი და რომელიც 476 წლით თარიღდება.

ყველა ახალი ამბავი
0