თბილისი, 9 აპრილი — Sputnik. ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება სანკტ-პეტერბურგში 14 აპრილს გაიმართება, განაცხადეს Sputnik-თან საუბრისას ღონისძიების ორგანიზატორებმა.
საღამო სანკტ-პეტერბურგის ქართული სათვისტომო „ივერიის“ ინიციატივით გაიმართება.
„ქართული ენა ოფიციალური, სალიტერატურო და საერთო ნაციონალური ენაა. იგი დამოუკიდებელ ქართველურ ენათა ჯგუფს ქმნის, რომელიც ინდოევროპულ ენათა ოჯახის პარალელურად და მისგან დამოუკიდებლად არსებობს, რომლის არეალი მთელი მსოფლიოა“, — აღნიშნა ორგანიზაციის ხელმძღვანელმა არჩილ ოძელმა.
მისი სიტყვებით, ქართული ენის გადმოცემა რთულია, ის უძველესი და ღრმა ისტორიის ენას წარმოადგენს, რომელშიც ბევრი სიტყვის შინაარსი ხშირად ვერ ითარგმნება და თუ ეს მაინც მოხერხდება, ის ერთი წინადადებით არ გადმოიცემა.
„ქართულმა ენამ საუკუნეების განმავლობაში შეძლო ჩვენი კულტურის შენარჩუნება, ის შოთა რუსთაველისთვის ინსტრუმენტი და ილია ჭავჭავაძის მოღვაწეობის საფუძველი იყო. ენის განვითარებას მისი მელოდიურობითაც საზღვრავენ, რა შეიძლება იყოს ქართული მუსიკისა და ქართულ ენაზე წაკითხული ლექსის მოსმენაზე მშვენიერი?!“ — განაცხადა ოძელმა.
საღამოზე ქართულ ენასთან დაკავშირებით უფრო მეტის გაგებაში სტუმრებს ლექტორი რამინ ჯინჭარაძე დაეხმარება. სცენაზე ასევე აჟღერდება ქართველი პოეტების ლექსები და შემოქმედებითი კოლექტივი „არაგვის“ მიერ შესრულებული ეროვნული სიმღერები.
გარდა ამისა, ღონისძიების ფარგლებში გაიმართება ცნობილი პეტერბურგელი მხატვრის, რუსეთის მწერალთა კავშირის წევრის, თინათინ ზარანდია-კუტალიას ნახატების გამოფენა.
ღონისძიება 19:00 საათზე დაიწყება, დასწრება თავისუფალია.