თბილისი, 14 აპრილი — Sputnik. საქართველოში ცოლიანი მამაკაცების თითქმის ნახევარი ღალატობს ცოლებს და ამას, უმრავლეს შემთხვევაში, იგებენ ქალები. ამაზე ქალი-დეტექტივების კერძო სააგენტოს (Female Private Investigators) გამოკითხვის მონაცემები მეტყველებს.
გამოკითხვის თანახმად, ქმრიანი ქალები ნაკლებად ღალატობენ ქმრებს — გამოკითხულთა 16%.
„მეუღლეების ღალატის თემა აქტუალურია არა მარტო საქართველოსთვის, არამედ მთელ მსოფლიოში. გამოკითხვის შედეგებით დავადგინეთ, რომ საქართველოში მამაკაცთა დაახლოებით 50% ღალატობს ცოლს“, — განუცხადა „Sputnik საქართველოს“ სააგენტოს დირექტორმა ნინო გაბადაძემ.
ფლირტს ღალატად არ მიიჩნევს მამაკაცთა 78% და ქალთა 21%.
ქალების 69% ღალატის დასადგენად საუკეთესო საშუალებად მიიჩნევს კერძო დეტექტივის მომსახურებას, 16% — ნათელმხილველთან ვიზიტს, ხოლო 15%-ს ურჩევნია, ამის შესახებ მეგობრებისგან შეიტყოს.
კერძო დეტექტივებს, ძირითადად, ქალები მიმართავენ (82%). მათი ეჭვი 89% შემთხვევაში მართლდება მაშინ, როდესაც მამაკაცთა ეჭვები 57%-ში საფუძველს მოკლებულია.
ანონიმურ ინტერნეტ-გამოკითხვაში 162 ქალი და 138 მამაკაცი მონაწილეობდა. მათი ასაკია 22-დან 35 წლამდე, შემოსავალი — საშუალო და მაღალი.