თბილისი, 14 აპრილი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა წინასაარჩევნო კამპანიის დაწყების პერიოდად მაისი დაასახელა.
მანამდე საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს 8 აგვისტოს ნაცვლად წინასაარჩევნო კამპანიის 8 ივლისს დაწყება შესთავაზა.
„მაისის დასაწყისში მე გამოვცემ აქტს, სადაც იქნება ერთი წინადადება არჩევნების დანიშვნის თაობაზე. ეს იქნება დადებითი, რადგან 5 თვით ადრე დავიწყებთ საარჩევნო კამპანიას. ეს იქნება დადებითი საარჩევნო გარემოსთვის”, — აღნიშნულია საქართველოს პრეზიდენტის პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
თავისი ადრინდელი გადაწყვეტილება პრეზიდენტმა ახსნა იმით, რომ ის დაარწმუნეს — გრძელვადიანი წინასაარჩევნო კამპანია ქვეყნის ბიუჯეტზე უარყოფითად აისახებოდა.
„მზად ვარ არჩევნების ადმინისტრირების დაფინანსების ნაწილში პრეზიდენტის ფონდიდან გამოვყო თანხები”, — აღნიშნა მარგველაშვილმა.
გიორგი მარგველაშვილმა აპრილის დასაწყისში ყველასთვის მოულოდნელად განაცხადა, რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2016 წლის 8 ოქტომბერს ჩატარდება. პრემიერს ათდღიანი ვადა ჰქონდა ამ გადაწყვეტილების დასამტკიცებლად.
პრეზიდენტის განკარგულებაზე ხელის მოწერა მთავრობის მეთაურს ავტორიტეტულმა ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა და ოპოზიციურმა პარტიებმა არ ურჩიეს. მათი განცხადებით, პრეზიდენტის მიერ გამოცემულ აქტში მითითებული წინასაარჩევნო კამპანიის დაწყების ვადები საარჩევნო კოდექსს ეწინააღმდეგება.