თბილისი, 14 აპრილი — Sputnik. ხუთშაბათს იაპონიაში კიუსიუს კუნძულზე 2011 წლის შემდეგ უძლიერესი მიწისძვრა მოხდა. დაზუსტებული მონაცემებით, მისმა მაგნიტუდამ რიხტერის შკალით 6,5-ს მიაღწია, ხოლო იაპონური შვიდქულიანი სისტემის მიხედვით ბიძგების ძალა 7 ბალი იყო.
მალევე ორი ნაკლები ძალის განმეორებითი ბიძგი მოხდა, გაჩნდა ცნობები ქალაქ კუმამოტოში შენობების ნგრევის, ერთი ხანძრისა და დაშავებულების შესახებ. ეპიცენტრი ქალაქ კუმამოტოს მახლობლად 11 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა.
წინასწარი მონაცემებით, ათეულობით შენობამ დაზიანება მიიღო, ნანგრევებში ადამიანები არიან მოყოლილი, ერთ-ერთი უგონოდაა. საავადმყოფოებში დაახლოებით 40 ადამიანს პირველადი დახმარება გაუწიეს, ზოგიერთ მათგანს სერიოზული ტრავმები აქვს მიღებული. დენის გარეშე დარჩა 16 300 ოჯახი. კუმამოტოს მცხოვრებლები პარკებში და ღია სივრცეებში არიან ევაკუირებული.
სამხედროები ავიაციის დახმარებით ზარალის შეფასებაში მონაწილეობენ. მიწისძვრამ ადგილობრივი ატომური ელექტროსადგურების მუშაობაზე არ იმოქმედა. ჩქაროსნული მატარებლების მოძრაობა აღდგენილია დროებითი ავარიული გაჩერების შემდეგ. ცუნამის საფრთხის შესახებ არ გამოუცხადებიათ.
იაპონია ძლიერ სეისმოაქტიურ ზონაში მდებარეობს. 1995 წელს ქალაქ კობეში 7,2 მაგნიტუდის მიწისძვრის დროს ექვსი ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა. 2011 წელს 9 ბალიანი მიწისძვრის მერე 15-მეტრიანი ტალღა ფუკუსიმას ატომურ სადგურს დაეჯახა. შედეგად 20 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა და უგზოუკვლოდ დაიკარგა.