თბილისი, 14 აპრილი — Sputnik. საქართველოში მსჯავრდებულთა რაოდენობა შესამჩნევად შემცირდა და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პროგრამის წევრი ქვეყნებისთვის განსაზღვრულ ნორმებს შეესაბამება, ნათქვამია ევროსაბჭოს ანგარიშში.
აღნიშნულ ანგარიშში სისხლის სამართლის სფეროში „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნების საქართველოს, უკრაინის, მოლდოვისა და სომხეთის კანონმდებლობა და პრაქტიკაა გაანალიზებული.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს რეფორმები სტრატეგიულ ხედვასა და საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას ემსახურება, ნათქვამია ანგარიშში.
საქართველოში მსჯავრდებულთა რიცხვის შემცირების მთავარ მიზეზად 2013 წლის იანვარში გამოცხადებული ამნისტია იქცა. თუმცა, მასშტაბური ამნისტია გრძელვადიან პერსპექტივაში ვერ გადაჭრის პატიმრებით გადატვირთული ციხეების პრობლემას, მიუთითებს ევროპის საბჭო.
შედარებისთვის: 2011 წლის 31 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში 24,1 ათასზე მეტი მსჯავრდებული და პატიმარი იყო. 2012 წელს კი მათი რიცხვი 19,3 ათას პატიმრამდე შემცირდა. ერთი წლის შემდეგ, ახალი ხელისუფლების პირობებში, საქართველოში 9 ათასი პატიმარი იყო.
საქართველოში, ძირითადად, პატიმარი-ქალების რიცხვი შემცირდა — 3,1% მსჯავრდებულთა საერთო რაოდენობიდან. ამჟამად სტატისტიკა დასავლეთ ეროპის ქვეყნების მაჩვენებლების შესაბამისია.
ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოში ორჯერ შემცირდა იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც წინასწარ პატიმრობაში იმყოფებიან. ეს მაჩვენებელი საგრძნობლად დაბალია დასავლეთ ევროპის ქვეყნებთან შედარებით.
ევროპის საბჭომ დადებითად შეაფასა მსჯავრდებულთა ელექტრონული კონტროლის სისტემის შემოღება. ეს პრაქტიკა ქვეყანაში 2014 წლის სექტემბრიდან გამოიყენება.
ევროპის საბჭოს ანგარიში „ციხეების გადატვირთულობა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში“ 13 აპრილს გამოქვეყნდა. ის ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს პროგრამის ფარგლებში მომზადდა.