თბილისი, 14 აპრილი — Sputnik. რუსეთის, სომხეთის, საქართველოსა და ირანის ტერიტორიებზე გამავალი ენერგოდერეფნის ჩრდილოეთი-სამხრეთის პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების შემუშავებაზე შეთანხმება უახლოესი ერთი-ორი თვის მანძილზე შედგება, განუცხადა ჟურნალისტებს რუსეთის ენერგეტიკის მინისტრმა ალექსანდრ ნოვაკმა.
რუსეთმა, სომხეთმა, საქართველომ და ირანმა ოთხი ქვეყნის ენერგოსისტემების ერთობლივი მუშაობის მოსამზადებელ „საგზაო რუკასა“ და ენერგეტიკის სფეროში ურთიერთგაგებისა და თანამშრომლობის მემორანდუმს ოთხშაბათს მოაწერეს ხელი.
„ამ „საგზაო რუკის“ ფარგლებში უახლოეს ერთ-ორ თვეში მხარეები შეათანხმებენ პროექტის რეალიზაციის ტექნიკურ-ეკონომიკურ დასაბუთებას. შეიქმნება საკოორდინაციო საბჭო, რომელშიც შევლენ „სისტემური ოპერატორის“, კომპანიებისა და სამინისტროების წარმომადგენლები. ამ „საგზაო რუკის“ ფარგლებში უკვე მინისტრების განსახილველად იქნება წარდგენილი კონკრეტული წინადადებები. საკოორდინაციო საბჭო შეიმუშავებს ტექნიკურ დავალებას, დაამუშავებს პროექტის ეკონომიკას და უკვე წამოაყენებს ამ პროექტის მშენებლობის მიზანშეწონილობის ვარიანტებს“, — თქვა ნოვაკმა.
გასული წლის დეკემბერში სომხეთმა, საქართველომ, ირანმა და რუსეთმა ხელი მოაწერეს ოთხმხრივ მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს ელექტროენერგიის ნაკადების მართვის დონის ამაღლებას, ენერგოსისტემების უსაფრთხოებასა და საიმედოობას. მემორანდუმის ფარგლებში დაგეგმილია გარკვეული ღონისძიებები, რომლის მიზანია ჩრდილოეთი–სამხრეთის ელექტროენერგეტიკული დერეფნის შექმნა, რაც ევრაზიის ეკონომიკური კავშირისა და ევროკავშირის ენერგოსისტემებთან ურთიერთობის საშუალებას იძლევა.