თბილისი, 13 აპრილი — Sputnik. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორად მესამედ არჩილ ფრანგიშვილის არჩევით აღშფოთებული ოთხი პროფესორი მეორე დღეა უმაღლესი სასწავლებლის შენობაში შიმშილობს.
ფრანგიშვილი უნივერსიტეტის რექტორად კიდევ ერთხელ 13 იანვარს აირჩიეს. ამასთან, ის უნივერსიტეტში ერთადერთი პირი არ არის, რომელიც მესამე ვადით რჩება თანამდებობაზე — პოსტები შეინარჩუნეს უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა და აკადემიური საბჭოს რამდენიმე წევრმა, განუცხადა Sputnik-ს აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ გოდერძი ტყეშელაშვილმა.
ტყეშელაშვილი მხარს უჭერს კოლეგებს, მაგრამ თვითონ არ შიმშილობს.
ის დარწმუნებულია, რომ ფრანგიშვილის ხელახლა არჩევით უკმაყოფილოების რიცხვი თანდათან გაიზრდება.
„ყოველდღე ერთი ადამიანი შემოგვიერთდება. ანუ მოშიმშილე პროფესორების რაოდენობა დღითიდღე გაიზრდება. მხარს ისინი გვიჭერენ, ვისაც რექტორატისა და ადმინისტრაციის მხრიდან მუქარის არ ეშინია“, — აღნიშნა ტყეშელაშვილმა.
ამჟამად უნივერსიტეტში დაახლოებით 2 ათასი ლექტორი მუშაობს. მათგან დაახლოებით 300-მა მოშიმშილე პროფესორებს მხარი დაუჭირა, განაცხადა ტყეშელაშვილმა.
უკიდურეს ფორმას ლექტორებმა იმის გამო მიმართეს, რომ რექტორის მესამე ვადით დანიშვნაზე საქართველოს განათლების სამინისტროსგან რაიმე სახის განმარტება ვერ მიიღეს, განაცხადა ერთ-ერთმა მოშიმშილე პროფესორმა ზაალ მიქაძემ.
„ფრანგიშვილს რექტორის თანამდებობა უკვე რვა წელია უკავია. ის კიდევ ოთხი წლით აირჩიეს… რექტორმა კარგადაც რომ შეასრულოს თავისი მოვალეობები, კანონი არავინ უნდა დაარღვიოს. თუმცა, ჩვენი რექტორი საკუთარ მოვალეობებს კარგად არ ასრულებს“, — აღნიშნა მიქაძემ.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე დიდი და უძველესი უმაღლესი სასწავლებელია. ის 1922 წელს დაარსდა. ამჟამად უნივერსიტეტში 20 ათასზე მეტი სტუდენტი სწავლობს.