დღეს საოცრად გააზრებული და სერიოზული დღეა… ქარი მოძრაობს განსაზღვრული და ფიქსირებული სიჩქარით, ხოლო პლანეტები მკაცრად იცავენ ტრაექტორიას, ექიმები ებრძვიან დღეისათვის განუკურნავ დაავადებებსა და ეპიდემიებს, მგოსნები და მწერლები სხდებიან შედევრებისა და ბესტსელერების შესაქმნელად, ხოლო დანარჩენი კაცობრიობა ფიქრობს მსოფლიო პრობლემებზე, განსაკუთრებით, მშვიდობის შენარჩუნების მიმართულებით… რადგან…
ზუსტად ამ დღეს, 1888 წლის 13 აპრილს ცნობილმა შვედმა მეცნიერმა, დინამიტის გამომგონებელმა ალფრედ ნობელმა დილის გაზეთში აღმოაჩინა საკუთარი ნეკროლოგი სათაურით — „სიკვდილის გამომგონებელი თავად მოკვდა!!!“ მან, ალბათ, თვალებს არ დაუჯერა, მაგრამ ამ ფაქტმა მასზე ისე იმოქმედა, რომ გადაწყვიტა ანდერძის შეცვლა და ქონების დატოვება მისი სახელობის ფონდის დაარსებისთვის, რომელიც მისი გარდაცვალების შემდეგ დააწესებდა ფულად პრემიებს მეცნიერების, ლიტერატურისა და მშვიდობის დაცვის დარგში განსაკუთრებული ღვაწლისათვის.
სწორედ ასე უცებ და მოულოდნელად, როგორც ხშირად ხდება ხოლმე, დილის საკმაოდ „ნირწამხდარი“ ფინჯანი ყავისა და, სავარაუდოდ, კუთხეში მიგდებული დაკუჭული გაზეთის ფონზე წარმოიშვა ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული საერთაშორისო პრემიის დაარსების იდეა…
ალფრედ ნობელი გარდაიცვალა 1896 წელს, 1897 წელს გახსნეს მისი ანდერძი, 1900 წელს კი შეიქმნა მისი სახელობის ფონდი, რომლის საწყისი კაპიტალი დღევანდელი კურსით 250 მილიონ აშშ დოლარს შეადგენდა… 1901 წელს ფონდმა გასცა ნობელის პირველი პრემია, რომლის ლაურეატები სხვადასხვა დროს იღებდნენ 0.9—1.7 მილიონ აშშ დოლარს, რაც ფონდის მიერ იმ დროისთვის მიღებულ მოგებასთანაა დაკავშირებული.
ფულად პრემიასთან ერთად ლაურეატი ჯილდოვდება ოქროს მედლით და დიპლომით. 1969 წლამდე პრემია გაიცემოდა ხუთ დარგში — ფიზიკა, ქიმია, ფიზიოლოგია და მედიცინა, ლიტერატურა, მშვიდობისთვის გაწეული ძალისხმევა. შემდეგ კი ამ ხუთეულს, შვედეთის ბანკის ინივიატივით, ეკონომიკაც შეემატა და გადაწყდა, რომ ეს იქნება ნობელის ანდერძში შეტანილი ბოლო კორექტივი…
ყოველი წლის ბოლოს ცხადდება პრემიის ლაურეატთა სახელები. დაჯილდოების ცერემონია ტარდება წელიწადში ორჯერ, შვედეთისა და ნორვეგიის დედაქალაქებში. სტოკჰოლმში ლაურეატს პრემიას გადასცემს შვედეთის მეფე, ოსლოში კი ნორვეგიის ნობელის კომიტეტის თავმჯდომარე. ასევე ორჯერ ტარდება ნობელის ბანკეტი და კონცერტი. ერთი წუთითაც არ იფიქროთ, რომ ნობელის პრემიის ლაურეატებს რაიმე განსაკუთრებული ამბიციები აქვთ და არ იღებენ პრემიას, სანამ ორჯერ არ მიულოცავ…
არა… უბრალოდ, აქაც გარკვეული შიდაკულუარული პრობლემების გამო ნორვეგიის ნობელის პრემიის კომიტეტი პასუხს აგებს მხოლოდ მშვიდობის დარგში გაცემულ პრემიაზე, დანარჩენ სფეროებს კი შვედეთის მხარე აკონტროლებს.
პრემიის მინიჭების შემდგომ ტარდება გრანდიოზული ბანკეტი, რომელზეც იწვევენ 1300-1400 ადამიანს. რა თქმა უნდა, ყველა სტუმარი გამოწყობილია საღამოს კაბებსა და ფრაკებში (მანდილოსნებისთვის დაშვებულია ეროვნული სამოსი). შეთავაზებული კერძების ავტორები არიან მსოფლიოს „წლის საუკეთესო მზარეულები“. თანაც, ბანკეტამდე 1 თვით ადრე ნობელის პრემიის კომიტეტის წევრები მენიუს 3 ვარიანტიდან ირჩევენ საბოლოოს. მენიუ გასაიდუმლოებულია, ცნობილია მხოლოდ ის, რომ ბანკეტის დასასრულს გამოიტანენ ტრადიციულ ნაყინს, მაგრამ თუ რომელ ნაყინს აკადრებენ მაღალი რანგის სტუმრებს, ეს კიდევ უფრო დიდი საიდუმლოებითაა მოცული, ვიდრე მთლიანი მენიუ. მაგიდა, რომელსაც ნობელის პროფილიანი ნაქარგი თეთრი სუფრა ამშვენებს, ხელნაკეთი ფაიფურის ჭურჭელით იწყობა, დარბაზს კი სან-რემოდან ჩამოტანილი 23 ათასი ცალი ყვავილი ამშვენებს…
კიდევ ერთი დეტალი: 9550 პერსონიან ფაიფურის სერვიზს, რომელიც ნობელის კომიტეტმა 1991 წელს 11.6 მილიონ დოლარად შეიძინა, თან მოჰყვება 1 ცალი სპეციალურად შვედეთის დედოფალ ლილიანასთვის შეკვეთილი ჩაის ჭიქა, რადგან სერვიზში მხოლოდ ყავის ჭიქებია, დედოფალს კი ყავა არ უყვარს…
სტუმრებს დარბაზში უშვებენ ზუსტად 19 საათზე. შვედეთის მეფის გვერდით უნდა დაბრძანდეს ან პრემიის ლაურეატი ქალბატონი ან ფიზიკის დარგში პრემიის ლაურეატის მეუღლე… აი, რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ ლაურეატი ქალბატონი არ ჰყავთ ან ფიზიკის დარგში ლაურეატი უცოლოა, ვერაფრით ვერ გავარკვიე…
ახლა კი გადავდივარ მთლად მთავარ საკითხზე, რომელიც, როგორც მათემატიკოსმა, ბოლოსთვის დესერტივით შემოვინახე… რატომ არ ენიჭებათ ნობელის პრემია მათემატიკოსებს? სხვათა შორის, ცნობილია, რომ ნობელმა მათემატიკა ჯერ შეიტანა სიაში, მერე კი ამოშალა. არსებობს ძალიან ლამაზი ლეგენდა იმაზე, რომ ნობელს უყვარდა მშვენიერი ქალბატონი ანა დეზრი, რომელსაც ნობელის ნაცვლად შეუყვარდა დიპლომატის შვილი, მომავალი მათემატიკოსი ფრანს ლემარჟი და მას გაჰყვა ცოლად. გულნატკენმა ნობელმა კი ისე ღრმად ჩაიდო ეს წყენა გულში, რომ თითქმის სიცოცხლის დასასრულს შური იძია ყველა მათემატიკოსზე…
თავის დროზე, როცა მათემატიკის ფაკულტეტზე ვაბარებდი, ჯერ არ ვიცოდი, რომ ნობელის პრემია მათემატიკაში არ არსებობდა და სადღაც გულის სიღრმეში ვოცნებობდი მასზე… ზუსტად ისევე, როგორც ერთი წუთითაც ეჭვი არ მეპარებოდა იმაში, რომ აუცილებლად დავამტკიცებდი ფერმას თეორემას…
მერე, როცა გავიზარდე, მივხვდი, თუ რა მაღლა ღრუბლებში ავსულვარ, მაგრამ მაინც ცოცხალი თავით უკან არ ჩამოვდივარ. თქვენც არ გირჩევთ, რადგან ყველა ადამიანი უნიკალურია და ცხოვრებაში ერთი პატარა რამ მაინც ეხერხება სხვაზე უკეთესად და ნიჭიერად! მთავარია მოძებნო რა…
ლელა ანჯაფარიძე