თბილისი, 13 აპრილი — Sputnik. ლონდონში საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავისადმი მიძღვნილი კულტურული პროგრამა Where Europe Meets Asia: Georgia 25 მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში 11-17 აპრილს Asia House-ისა და Europe House-ის კულტურისა და ხელოვნების ცენტრებში დაგეგმილია ლიტერატურული დისკუსიები, ასევე ლონდონის კინოთეატრ Regent Street Cinema-ში ქართული ფილმების ჩვენება.
ლიტერატურულ შეხვედრებში მონაწილეობენ ცნობილი ქართველი და უცხოელი ავტორები, კრიტიკოსები და ჟურნალისტები, იუწყება ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი.
ღონისძიების მონაწილეთა შორის არიან ქართული წარმომავლობის ცნობილი მწერალი გრიგოლ ჩხარტიშვილი, რომელიც მსოფლიოში ბორის აკუნინის ფსევდონიმით არის ცნობილი, ბრიტანელი მწერალი, კრიტიკოსი, The Independent-ის ჟურნალისტი და „ბუკერ 2016“-ის პრემიის ჟიურის თავმჯდომარე ბოიდ ტონკინი (Boyd Tonkin), პოპულარული ქართველი მწერლები აკა მორჩილაძე და ზურაბ ქარუმიძე.
დისკუსიებში ასევე მონაწილეობენ ცნობილი ქართველი მწერალი და დრამატურგი ლაშა ბუღაძე, პროზაიკოსი და სცენარისტი დათო ტურაშვილი, ბრიტანელი მთარგმნელი პატრიკ დონალდ რაიფილდი (Patrick Donald Rayfield) და პროექტის Where Europe Meets Asia: Georgia 25 არტ-დირექტორი მაია ჯაგი.
Where Europe Meets Asia: Georgia 25 ლონდონში ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ინიციატივით მიმდინარეობს. მხარდამჭერი არიან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი და საქართველოს საელჩო ლონდონში.