თბილისი, 12 აპრილი — Sputnik. ყოველწლიური საგაზაფხულო ფესტივალი „წიგნი და მუსიკა“ საქართველოს დედაქალაქში 21-24 აპრილს გაიმართება.
ფესტივალი თბილისის საკონცერტო დარბაზში (ფილარმონია) ჩატარდება და ყველაზე პოპულარულ ქართველ მუსიკოსებსა და ლიტერატორებს მოუყრის თავს.
უამრავ წიგნთან და დიდ ფასდაკლებებთან ერთად აქ გელოდებათ ქართველი შემსრულებლების ლაივ კონცერტები და სხვადასხვა ლიტერატურული ღონისძიებები, იუწყება ღონისძიების ორგანიზატორი — ქართული წიგნის ინსტიტუტი.
ფესტივალის სცენაზე გამოვლენ ისეთი ცნობილი მუსიკოსები, როგორიც არიან რეზო კიკნაძე, შოთა ადამაშვილი, ასევე ბენდები The BearFox, Green Room ft. Dato Lomidze, Lady Heroine, The Black Marrows, Backwarmer და სხვები.
მკითხველთან შეხვედრებს მოაწყობს სხვადასხვა მწერალი, მთარგმნელი და რედაქტორი. მათ შორის არიან დათო ტურაშვილი, ლაშა ბუღაძე, თამთა მელაშვილი, ეკატერინე ტოგონიძე, მერაბ ფიფია, თამთა კვიჟინაძე და ანა ჭაბაშვილი.
ფესტივალი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით ტარდება. დასწრება თავისუფალია.