თბილისი, 13 აპრილი — Sputnik. საქართველოს შეიარაღებული ძალების საქმიანობა ყველაზე მეტად მოსწონს ქვეყნის მოსახლეობას. NDI–ს მიერ გამოკითხულთა 6%-მა არმიის მოღვაწეობა ძალიან კარგად, ხოლო 48%-მა — კარგად შეაფასა.
ქართული არმიის საქმიანობა საშუალოდ შეაფასა რესპონდენტთა 32%-მა. 4%-ს მიაჩნია, რომ არმიის მოღვაწეობა იმსახურებს შეფასებას „ცუდი“, ხოლო 1%-ს — „ძალიან ცუდი“.
NDI–ს რეიტინგში მეორე ადგილზე საქართველოს იუსტიციის სახლების საქმიანობა აღმოჩნდა. რესპონდენტთა პასუხები იუსტიციის სახლების საქმიანობის შეფასებისას ასე გადანაწილდა: „ძალიან კარგი“ — 8%, „კარგი“ — 42%, „საშუალო“ — 31%, „ცუდი“ — 5%, „ძალიან ცუდი“ — 1%.
რეიტინგში მესამე ადგილზეა პოლიცია, რომელსაც მოსდევენ სახალხო დამცველის აპარატი, ცენტრალური საარჩევნო კომისია, მთავარი პროკურატურა, სასამართლო და პარლამენტი.
გამოკითხვა 23 თებერვლიდან 14 მარტამდე პერიოდში ჩატარდა. გამოიკითხა 3,9 ათასი ადამიანი. ცდომილებამ 1,6% შეადგინა.