– თქვენი პარტიის ლიდერები ცალსახად გამორიცხავენ არჩევნების წინ ვინმესთან გაერთიანებას, თუმცა მოარული ხმები მაინც გაკავშირებენ რესპუბლიკელებთან და ნაციონალებთან…
— არჩევნებამდე ვინმესთან გაერთიანებას გამოვრიცხავ, მიუხედავად იმისა, რომ რესპუბლიკელებთან ადრე ვიყავით ალიანსში და საერთოდაც მსოფლმხედველობით ლამის ბიძაშვილი პარტიაა. აქა-იქ გაიჟღერა ჩვენს შესაძლო კავშირზე ნაციონალურ მოძრაობასთან. არაერთგზის გვითქვამს და ვიმეორებ: – კატეგორიულად გამორიცხულია ისეთ ძალასთან ურთიერთობა, რომლის მთავარი პრინციპია თუ მე ხელისუფლებაში არ ვარ ქვა-ქვაზე ნუ დარჩენილა. მათ ვერ მოახერხეს რებრენდინგი და ისევ სააკაშვილზე არიან ჩამოკიდებული, მავნებლობენ და ქვეყანას ხელს უშლიან შინ თუ გარეთ. ასეთ ძალასთან თანამშრომლობა, ჩემი აზრით, დანაშაულის ტოლფასია.
- არჩევნების შემდეგ შესაძლებელია თუ არა „ქართულ ოცნებასთან“ ან რომელიმე სხვა ძალასთან კოალიცია?
– გამორიცხული არაფერია. უფრო მეტიც, მივესალმები ისეთ პარლამენტს, რომელიც კოალიციურ მთავრობას შექმნის, ისე როგორც ეს მაგალითად ისრაელშია, როდესაც ერთი ძალა იღებს პასუხისმგებლობას საგარეო პოლიტიკურ სეგმენტზე, მეორე ეკონომიკაზე და ა.შ. ასეთი მთავრობა უფრო მობილიზებული და შედეგზე ორიენტირებულია, რადგან სასწორზე ქვეყნის ინტერესი უკავშირდება კონკრეტული პარტიის სახელს და შესაბამისად წარმატება-წარუმატებლობაზეც გარკვეული ძალა აგებს პასუხს. არჩევნების შემდეგ, პარლამენტში მოხვედრის შემთხვევაში, თავისუფალი დემოკრატები მზად ვართ ვითანამშრომლოთ ყველასთან, ვინც ქვეყნის ინტერესებს ემსახურება.
– NDI-ის კვლევებზე რა აზრის ხართ? ბევრი მათ შედეგებს ეჭვის თვალით უყურებს.
– ადრე, მეც მათ რიცხვში ვიყავი, მაგრამ ახლა, მეტ-ნაკლებად რეალური მონაცემები დადეს, ძირითადი მომენტები, როგორიცაა ევროპასთან ინტეგრაციის საკითხი, ნამდვილად ასახავს ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობის განწყობას. ისე, ბევრის მსგავსად მეც არ ვიცნობ არც ერთ ისეთ ადამიანს, ვინც NDI-ის გამოკითხვაში მიიღო მონაწილეობა, თუმცა ეს არაფერს ნიშნავს და უფლება არ მაქვს ეჭვის ქვეშ დავაყენო ამ ორგანიზაციის ძალისხმევა.
– დღეს კიდევ გავრცელდა პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები. საკმარისად მიგაჩნიათ ხელისუფლების ძალისხმევა მათ აღსაკვეთად?
– 21-ე საუკუნეში ძალიან ძნელია ამ მოვლენის პრევენცია, შესაბამისად ვინმესკენ თითის გაშვერა სწორი არ მგონია. რაც შეეხება კადრების გავრცელებას, ამაზე ისეთივე რეაქცია მაქვს, როგორც ყველა ნორმალურად მოაზროვნე ადამიანს.
თამაზ ჩიქვანაია