თბილისი, 12 აპრილი — Sputnik. თბილისის პროკურატურამ ოპოზიციური პარტია „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერის თარხან გასვიანის პოლიციელების მიერ შესაძლო ცემის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „ნოვოსტი-გრუზია“ საქართველოს მთავარი პროკურატურის პრეს-სამსახურზე დაყრდნობით.
გასვიანის თქმით, ინციდენტი 7 აპრილს საღამოს მოხდა, როდესაც ის შინ ბრუნდებოდა. ის სამმა პოლიციელმა გააჩერა და დოკუმენტები მოსთხოვა. საპასუხოდ ოპოზიციონერმა მოწმობის ჩვენება სთხოვა და მობილური ტელეფონით მოვლენების გადაღება დაიწყო. ამის შემდეგ იგი პოლიციის განყოფილებაში წაიყვანეს და სასტიკად სცემეს, აღნიშნა გასვიანმა.
„შსს-ს გენერალური ინსპექცია ფაქტის შესწავლას შეუდგა და ჩვენ, ჩვენი მხრივ, გამოძიება დავიწყეთ. საქმეს თბილისის პროკურატურა აწარმოებს“, — განაცხადა საქართველოს მთავარი პროკურატურის პრეს-სამსახურის ხელმძღვანელმა ნათია სუხიაშვილმა.
მედიაში გავრცელებული ფოტოებიდან ჩანს, რომ გასვიანს სახეზე ჰემატომები აღნიშნება. მან ჟურნალისტებს უამბო, რომ ორსაათიანი ცემის შედეგად მას ტვინის შერყევა დაემართა.
გასვიანმა თავის ცემაში ვაკის პოლიციის თანამშრომლები გიორგი გაკაფაშვილი და მანუჩარ შონია დაადანაშაულა.
სისხლის სამართლის საქმე აღიძრა ძალადობის ან იარაღის გამოყენებით სამსახურებრივი მოვალეობის გადამეტების მუხლით. ბრალის დადასტურების შემთხვევაში პოლიციელებს ხუთიდან რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ და ჩამოერთმევათ თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის გაგრძელების უფლება სამ წლამდე ვადით.