თბილისი, 13 ნოემბერი — Sputnik. თბილისის ვაკე–საბურთალოს რაიონული პოლიციის განყოფილების უფროსი ლაშა კვირკვაია ადვოკატ გიორგი მდინარაძის მიმართ ძალის გამოყენებით სამსახურებრივი უფლბამოსილების გადაჭარბების ბრალდებითაა დაკავებული, — იუწყება საქართველოს მთავარი პროკურატურის პრესსამსახური.
გასულ კირას თბილისის ვაკე–საბურთალოს რაიონის პოლიციის #5–ე განყოფილებაში სამართალდამცავებმა ადვოკატი გიორგი მდინარაძე სცემეს, რომელიც იქ არასრულწლოვანი დაკავებულის უფლებების დასაცავად მივიდა, — განაცხადა ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრმა ირმა ჭკადუამ. ამის გამო პოლიციის განყოფილების უფროსი თანამდებობიდან გაათავისუფლეს.
„გამოძიების ფარგლებში უკვე დაკითხულია 18 მოწმე, მოხდა შემთხვევის ადგილის დათვალიერება, ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი პოლიციის განყოფილებაში გ.მდინარაძის მონაწილეობით“, — ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
პრესსამსახურის ინფორმაციით, გამოძიების ფარგლებში რამდენიმე ექსპერტიზა — მათ შორის, გენეტიკური და კომპიუტერული ექსპერტიზები — ჩატარდება.
ლაშა კვირკვაიას კანონით დადგენილ ვადაში წარედგინება ბრალი „ძალის გამოყენებით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადაჭარბებაში“.