თბილისი, 12 აპრილი — Sputnik. ქართული მხარე თბილისში რუსეთის ინტერესთა სექციაში თანამშრომელთა რაოდენობის გაზრდის შესაძლებლობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას საკითხის შესწავლის შემდეგ მიიღებს, განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ზალკალიანმა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ეთერში.
რუსეთისა და საქართველოს ინტერესების სექციები შვეიცარიის საელჩოებში მოსკოვსა და თბილისში მოქმედებს.
„ამ საკითხების განხილვა რუსეთსა და შვეიცარიას შორის მიმდინარეობს. რა თქმა უნდა, ამ საკითხზე ჩვენს შვეიცარიელ კოლეგებთან საუბარი გვექნება. საჭიროა დამატებითი დეტალები, რომ ვიცოდეთ, კონკრეტულ რაზე იყო საუბარი. შევისწავლით ამ საკითხს და ამის შემდეგ განვსაზღვრავთ ჩვენს საბოლოო გადაწყვეტილებას“, — განაცხადა ზალკალიანმა.
იმის თაობაზე, რომ მოსკოვს თბილისში საკონსულოს თანამშრომლების რაოდნეობის გაზრდა უნდა, გუშინ გახდა ცნობილი. შესაბამისი თხოვნით რუსულმა მხარემ შვეიცარიას უკვე მიმართა. ეს კი რუსეთის ვიზებზე მიმართვიანობის გაზრდით არის განპირობებული.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების მიღების პირობები გასული წლის 23 დეკემბრიდან შეამსუბუქა. რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში სტუმრობა უვიზოდ შეუძლიათ.
საქართველომ დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთთან 2008 წლის აგვისტოში მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ გაწყვიტა. თბილისსა და მოსკოვს შორის შუამავლის ფუნქციას 2008 წლიდან შვეიცარია ასრულებს.