თბილისი, 11 აპრილი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დუბაიში მსოფლიო სავაჭრო ცენტრს ეწვია, სადაც მონაწილეობას მიიღებს ყოველწლიურ საინვესტიციო ფორუმში (Annual Investment Meeting, AIM 2016), აღნიშნულია პრემიერის პრეს-სამსახურის განცხადებაში.
ქართული დელეგაცია პრემიერის ხელმძღვანელობით არაბთა გაერთიანებულ საამიროებში სამუშაო ვიზიტით გაემგზავრა.
გიორგი კვირიკაშვილი სიტყვით გამოვა პლენარულ სესიაზე Global Leaders Debate.
პრემიერ-მინისტრი მსოფლიოს უმსხვილეს ინვესტორებს საქართველოს საინვესტიციო პოტენციალს გააცნობს და მიაწვდის ინფორმაციას ეკონომიკის განვითარებისა და ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული ახალი ინიციატივების შესახებ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი შეხვედრებს გამართავს არაბთა გაერთიანებული საამიროების ხელისუფლების წარმომადგენლებთან, საინვესტიციო ფორუმში მონაწილე ბიზნეს-წრეების წარმომადგენლებთან.
საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფება ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი. ქართული დელეგაციის ვიზიტი 12 აპრილს დასრულდება.