თბილისი, 11 აპრილი — Sputnik. აშშ–ის ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, ქვეყნის 52%-ს მიაჩნია, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკა პროდასავლური უნდა იყოს, თუმცა აუცილებლად უნდა შენარჩუნდეს კარგი ურთიერთობები რუსეთთან, რაც, საქართველოს გლობალური კვლევების ცენტრის ხელმძღვანელის ნანა დევდარიანის აზრით, რუსეთისადმი პრაგმატული მიდგომის მაჩვენებელია.
NDI–მ კვლევა 23 თებერვლიდან 14 მარტის პერიოდში ჩაატარა. წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე პირდაპირი ინტერვიუს გზით 3 900 ადამიანი გამოიკითხა.
„მიმაჩნია, რომ გამოკითხულებმა პრაგმატიზმი გამოიჩინეს იმასთან დაკავშირებით, თუ საით ღირს ინტეგრირება. ჩვენი ფსევდოლიბერალები გამუდმებით გვაყენებენ არჩევანის წინაშე — დასავლეთი თუ რუსეთი. ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ნორმალური ურთიერთობები დასავლეთის ქვეყნებთანაც, რუსეთთანაც, ირანთანაც, სომხეთთანაც, აზერბაიჯანთანაც და თურქეთთანაც“, — განუცხადა დევდარიანმა Sputnik–ს.
ექსპერტის თქმით, საქართველოს მიმართ ბევრი ქვეყანა ავლენს გეოპოლიტიკურ ინტერსს და ხელისუფლებამ უნდა მოახერხოს აქედან მაქსიმალური სარგებლის მიღება ჩვენი ქვეყნისთვის.
დევდარიანს მიაჩნია, რომ გამომდინარე სწორედ გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან საქართველოს საგარეო–პოლიტიკური ვექტორი მრავალმხრივი უნდა იყოს.
NDI–ს გამოკითხვის თანახმად, რესპონდენტთა 14% პროდასავლურ კურსს უჭერს მხარს, ხოლო 5% ერთმნიშვნელოვნად პრორუსულ კურსს. გამოკითხულთა 11%-მა არ იცოდა, რა პასუხი გაეცა შეკითხვაზე, 1%-მა კი საერთოდ უარი განაცხადა კომენტარზე.
NDI–ს კვლევებს შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო აფინანსებს, ხოლო გამოკითხვებს კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC) აწარმოებს.