თბილისი, 10 აპრილი — Sputnik. სლოვაკეთის მთიან რეგიონ მაღალ ტატრებში, რომელსაც ყოველწლიურად სხვადასხვა ქვეყნიდან ათიათასობით ტურისტი სტუმრობს, პარასკევს საგანგებო ვითარება გამოცხადდა. ამის მიზეზია დათვების უჩვეულო აქტიურობა, რომლებიც სულ უფრო ხშირად გამოდიან ტყიდან და დასახლებების ქუჩებში დადიან, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ ბრატისლავას გაზეთ Sme-ზე დაყრდნობით.
„მაღალი ტატრების რეგიონის კრიზისული შტაბი პარასკევს იძულებული გახდა, საგანგებო ვითარება გამოეცხადებინა იმასთან დაკავშირებით, რომ დათვები მუდმივად „სტუმრობენ“ დასახლებული პუნქტების ქუჩებს, ინტერესდებიან არა მხოლოდ ნაგვის კონტენეირებით, არამედ საცხოვრებელი სახლების, სკოლების, საბავშვო ბაღებისა და სხვა საზოგადოებრივი დაწესებულებების სასაწყობე ნაგებობებით“, — აღნიშნულია განცხადებაში.
ბოლო დღეებში ერთდროულად რამდენიმე დაბიდან შევიდა ინფორმაცია, რომ დათვები საკვების ძებნაში სასტუმროებსა და საცხოვრებელ სახლებში შეღწევას ცდილობდნენ. ამასთან, ადამიანებთან შეხვდრისას მტაცებლები, როგორც უწინ, სიფრთხილესა და შიშს არ ამჟღავნებენ და პირიქით, აგრესიულად იქცევიან.
მაღალი ტატრების რეგიონის პოლიციის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ დათვები აღარც დღისით გამოსვლას ერიდებიან. ერთ-ერთ სასტუმროსთან დათვი დღის ორ საათზე გამოჩნდა, ხოლო მეორე დათვი საცხოვრებელ სახლთან ძალღს დაესხა თავს და მისი ტყეში შეთრევა უნდოდა.
რეგიონის ხელმძღვანელის იან მოკოშის განცხადებით, ამჟამინდელი ვითარება იმითაა გამოწვეული, რომ ბოლო წლებში დათვების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა და ასევე იმით, რომ ბელები მშობლებისგან მიეჩვივნენ ქუჩის ნაგვის კონტეინერებიდან კვებას. ვითარებას ტყეებთან სასურსათო ნარჩენების დაახლოებით 100 სპეციალური პუნქტის შექმნამაც ვერ უშველა.
„მაისის დასაწყისში ტურისტული სეზონი იწყება, შემდეგ საბავშვო დასასვენებელი ბანაკები გაიხსნება, ამიტომ დათვებისგან ადამიანების დაცვისთვის ქმედითი ზომები უახლოეს პერიოდში უნდა მივიღოთ“, — განაცხადა მოკოშმა. რეგიონში დათვებზე ნადირობა აკრძალულია.